ახალი ამბები

ბესლანში მიმდინარე მოვლენების გამო საქართველოს მთავრობის სხდომა შეწყდა

დღეს ბათუმში მიმდინარე საქართველოს მთავრობის გასვლითი სხდომა ჩრდილოეთ ოსეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო შეწყდა.


“ჩვენ დავრწმუნდით, რომ ტერორიზმს არ აქვს სახე, ეროვნება და რელიგიური მრწამსი და მის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლაა აუცილებელი, რათა კავკასიაში დამყარდეს მშვიდობა და აღმოიფხვრას სეპარატიზმი”, განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბარში.


“ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ეს მოვლენები საქართველოს ახლოს ხდება”, დასძინა ჟვანიამ.


მისი თქმით, საქართველო ძალიან ბევრს აკეთებს ტერორიზმის წინააღმდეგ. “პრაქტიკულად ჩვენ შევძელით საქართველო არ იყოს ტერორისტების თავშესაფარი”, აცხადებს ჟვანია.


პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, პირველადი დახმარების სახით საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გააგზავნა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფები ჩრდილოეთ ოსეთის მიმართულებით.

Back to top button