ახალი ამბები

აშშ საქართველოსთან წარმატებული სამხედრო თანამშრომლობის ტრადიციებს აგრძელებს






2005 წელს აშშ-ს სამხედრო დახმარება ქართველი
ოფიცრების საერთაშორისო სტანდარტებით
მომზადებაზე იქნება ორიენტირებული
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას აგრძელებს. “თავდაცვის თანამშრომლობის საქართველოს ოფისს“, რომელიც საქართველოში აშშ-ს საელჩოში სამხედრო სფეროს კურირებს, უკვე შემუშავებული აქვს 2005 წლის განმავლობაში განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმა, რომლის საერთო ღირებულება 15 მილიონი აშშ დოლარია, თუმცა შესაძლოა ეს თანხა კიდევ უფრო გაიზარდოს. 2005 წლის სამხედრო სფეროში დახმარების პროგრამას, რომელიც ძირითადად  ქართველი ოფიცრების მომზადებაზეა ორიენტირებული, “თავდაცვის თანამშრომლობის საქართველოს ოფისის“ უკვე ახალი ხელმძღვანელი ბრედლი ჯოუნსი წარმართავს.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმირებაში მხარდაჭერა, “წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამით, განსაკუთრებით კი მე-11 ბრიგადის, გაწვრთნილი ჯარისკაცების და ოფიცრების გადამზადება,  “UH-1 ტიპის ვერტმფრენთა პროგრამის” მხარდაჭერა, “Cubic”-ის ჯგუფის ფარგლებში ამერიკელი კოსულტანტების მიერ ტრეინინგების ჩატარება – ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებშიც ამერიკული მხარე 2005 წელს საქართველოს დახმარებას გაუწევს.


“საქართელოში “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ დასრულება არ ნიშნავს სამხედრო სფეროში აშშ-ს დახმარების შეწყვეტას. ამ ეტაპზე მთავარია იმ ბატალიონებმა, რომლებმაც გაიარეს წვრთნები, შეინარჩუნონ სამხედრო დონე“, განაცხადა “თავდაცვის თანამშრომლობის საქართველოს ოფისის“ ხელმძღვანელმა დაგ პეტერსონმა 3 აგვისტოს ამერიკის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე.


მისი თქმით, საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის კიდევ 18 თვით გაგრძელება აშშ-ს დახმარებით 64 მილიონი დოლარის ღირებულების “წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის  წარმატებით ჩატარებამ განაპირობა. ამ პროგრამის განხორციელებით საქართველომ მიიღო ოთხი კარგად გაწვრთნილი ქვეითი ბატალიონი და ერთი მექანიზირებული, ჯავშნოსანი ასეული. “წრთვნისა და აღჭურვის” ორწლიანი პროგრამა მექანიზირებული ასეულის გამოსაშვები ოფიციალური ცერემონიით დასრულდა 2004 წლის  24 აპრილს.


“საქართელოს ჰყავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაწვრთნილი სამხედრო ბატალიონები, ჩვენ [ამიერკული მხარე] კმაყოფილი ვართ ამ პროგრამით მომზადებული ჯარისკაცების დონით. პროექტის მთავარი მიზანი იყო საქართველოსთვის დახმარების გაწევა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“,  განაცხადა დაგ პეტერსონმა.


2005 წლიდან აშშ-ს დახმარება გაგრძელდება საქართველოსთვის უკვე ტრადიციული პროგრამების ფარგლებში, როგორიცაა  “უცხო ქვეყნების სამხედრო დაფინანსება“, “საერთაშორისო სამხედრო განათლება და მომზადება“, “ერთობლივი საკონტაქტო ჯგუფის პროგრამა“, ასევე აშშ-ს თავდაცვის  და სახელმწიფო დეპარტამენტების მიერ დაფინანსებული სხვა პროგრამები, რომელთა საშუალებითაც საქართველოს დახმარება გაეწევა სამხედრო ტექნიკის, აპარატურის და მომზადების კუთხით.
 
“საერთაშორისო სამხედრო განათლების და მომზადების“ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამხედრო კურსები და საქართველოს სამხედრო პერსონალისთვის პრაქტიკული წვრთნები, რომელიც აშშ-ს სამხედრო ბაზებზე ჩატარდება. დღემდე  აშშ-მ ამ პროგრამით 120-ზე მეტი ქართველი სამხედრო და სამოქალაქო პირი მოამზადა.


დაგ პეტერსონი განსაკუთებით უსვამს ხაზს ამერიკული კერძო კომპანია “Cubic Appilcation International”-ის დახმარების პროგრამას. მისი თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში სამხედრო ექსპერტები თანამშრომლობენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, გენერალურ შტაბთან და მე-11 ბრიგადასთან.


“Cubic”-ის ექსპერტების ძალისხმევა მიმართულია თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბისთვის კონსულტაციებზე, მუშავდება რესტრუქტურიზაციისა და რეფორმების გეგმა, ასევე საქართველოს სამხედრო დოქტრინა. “ეს დახმარება განპირობებულია იმით, რომ საქართველო ნატო-ს წევრობის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად მოიაზრება”, განაცხადა დაგ პეტერსონმა.


“ერთობლივი საკონტაქტო ჯგუფების მუშაობის”პროგრამით გათვალისწინებულია  ქართველი სამხედრო პერსონალის გაგზავნა აშშ-ში, სადაც მოეწყობა ერთობლივი სწავლება  აშშ-ს სამხედრო დოქტრინის, სისტემებისა და ოპერაციების გაცნობის მიზნით. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 25 სამხედრო ოფიცრის გაგზავნა.


მრავალდანიშნულებიანი “UH-1- ს ტიპის ვერტმფრენების უზრუნველყოფის” პროგრამით, რომელიც ჯერ კიდევ  2001 წელს დაიწყო, გაგრძელდება ქართველი მფრინავების მომზადება. ამ ეტაპზე უკვე მომზადებულია 23 ქართველი მფრინავი და ტექნიკოსი, რომლებმაც  აშშ-ს სამხედრო ავიაციის საწვრთნელ ბაზაზე “ფორტ რუქერში”, ალაბამაში გაიარეს სასწავლო კურსი.


დაგ პეტერსონის განცხადებით, ამ პროგრამის ფარგლებში ქართულ შეიარაღებულ ძალებს გადაეცა ხუთი მრავალდანიშნულებიანი “UH-1”- ს ტიპის ამერიკული ვერტმფრენი. ამ ტიპისავე ორი ვერტმფრენი უსახსოვრა თურქეთმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.


“ეს შვიდი ვერტმფრენი საქართველოს საკუთრებაა, პერიოდულად ამერიკელები ქართველი პილოტების გაწრთვნის მიზნით ახორციელებენ ფრენებს”, დასძინა დაგ პეტერსონმა.


შესაძლოა მე-11 ბრიგადის დაქვემდებარებაში მყოფი ახალი დამხმარე მსუბუქი ქვეითი დანაყოფი ჩამოყალიბდეს.
  
“თავდაცვის თანამშრომლობის საქართველოს ოფისის“ ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსთვის, ისევე როგორც ამერიკისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამხედროების პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელსაც  ისინი კოსოვოს, ავღანეთის, ერაყის სამშვიდობო ოპერაციებში იღებენ. 


2003 წელს საქართველოში აშშ-ს საელჩოს “თავდაცვის თანაშრომლობის ოფისმა“  320 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო ფორმები და საველე აღჭურვილობა შეიძინა ერაყში სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქართველი ჯარისკაცებისთვის.


2004 წელს კი გამოიყო 2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობა ორი ქართული ბატალიონისთვის, რომელთაგანაც ერთი 159 ქართველი ჯარისკაცის შემადგენლობით 7 აპრილის შემდეგ ერაყში იმყოფება, ხოლო მეორე კი სამშვიდობო მისიით უახლოეს მომავალში გაემგზავრება იქ.


“ის, რომ ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ სამხედროებთან ერთად ერაყში სამშვიდობო ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის [ამერიკელებისთვის], ისე ქართველებისთვის”, განაცხადა დაგ პეტერსონამა.


აღსანიშნავია, რომ 2005 წლის აშშ-ს სამოქმედო გეგმას კოორდინირებას “თავდაცვის თანამშრომლობის საქართველოს ოფისის” ახალი ხელმძღვანელი ბრედლი ჯოუნსი გაუწევს, რომელიც ამ პოსტზე დაგ პეტერსონს შეცვლის.


“დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა, საქართველოში ორი წელი ვიმსახურე და მიუხედავად ბევრი პრობლემებისა აქ მუშაობა პროდუქტიული იყო. ჩემი წასვლით საქართველოსთან კონტაქტს არ ვწყვეტ, პირიქით, ამერიკაში ვუხელმძღვანელებ სამხედრო განყოფილებას, რომელიც საქართველოსთვის დახმარების პოლიტიკას განსაზღვრავს”, განაცხადა დაგ პეტერსონმა.

Back to top button