ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი ახალი საპატრულო პოლიციის მომზადებით კმაყოფილია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს პოლიციის აკადემიაში საპატრულო პოლიციის ახალი შემადგენლობის სწავლების კურსის დამთავრების ღონისძიებას დაესწრო.
 
“თქვენი დახმარებით უნდა შეიქმნას ახალი სტანდარტების მქონე – დასავლური სტილის პოლიცია, ხალხს პოლიციის აღარ უნდა ეშინოდეს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შედეგად გაუქმებულია საგზაო პოლიცია და შემოღებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც წინამორბედთან შედარებით გაზრდილი უფლებებით სარგებლობს.
მიმდინარე რეფორმების შედეგად შემცირდა პოლიციელთა საერთო რაოდენობა. ამაჟამად საპატრულო პოლიციის შემადგენლობაში 650 ადამიანი ირიცხება. 


საპატრულო პოლიცია მუშაობას ივლისის ბოლოდან დაიწყებს. 15 აგვიტოდან კი მოხდება არსებული კონტიგენტის შესაბამისი ფორმებით და ტექნიკური საშულებებით აღჭურვა.
 
დღესვე თბილისსა და ქუთაისში  საპორტესტო აქციები გამართეს საგზაო პოლიციის ყოფილმა თანამშრომლებმა, რომლებიც სამსახურიდან დათხოვნის მიზეზების ახსნას და სახელფასო დავალიანების დაფარვას მოითხოვენ ხელისუფლებისგან.
 
“მაღელვებს იმ ადამიანების ბედი, რომლებიც დღეს უმუშევრად დარჩნენ, მაგრამ სახელმწიფოს ხარჯზე მათი ოჯახების რჩენა აღარ შეიძლება“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button