ახალი ამბები

აშშ ცხინვალს ქართველი მძევლების განთავისუფლებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 8 ივლისს დაგმო სამხრეთ ოსეთის მხარის მიერ 8 ივლისის გამთენიისას სოფელ ვანათში 50-მდე ქართველი ჯარისკაცის დაკავების ფაქტი.


“ჩვენ მოვუწოდებთ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დააუყოვნებლივ გაანთავისუფლოს მძევლები და თავი შეიკავოს ძალისმიერი პროვოკაციებისგან“, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა 8 ივლისის ბრიფინგზე ვაშინგტონში.


“რამდენადაც ჩვენ ვიცით, მძევლები გამოიყვანეს და დემონსტრაციულად, იძულების წესით დააჩოქეს სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში [ცხინვალში]. ჩვენ ვგმობთ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მძევლების აყვანის ფაქტს და მიგვანჩნია რომ მძევლებისადმი მოპყრობა იყო საშინელი“, დასძინა რიჩარდ ბაუჩერმა.


მისივე თქმით, 8 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.


“იგი [კოლინ პაუელი] ასევე აპირებს ესაუბროს თავის რუს კოლეგას [საგარეო საქმეთა მინისტრს] სერგეი ლავროვს“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button