ახალი ამბები

ვენეციის კომისია აჭარის სტატუსის შესახებ კანონპროექტს განიხილავს

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია, რომელიც საკონსტიტუციო საკითხებზე მუშაობს, 18-19 ივნისს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის საკითხს განიხილავს.


ვენეციის კომისიას თხოვნა, მისი ექსპერტული შეფასების გამოხატვის თაობაზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 26 მაისს წარუდგინა.


აჭარის სტატუსის საკითხი საქართველოს პარლამენტის 18 ივნისის პლენარული სხდომის დღის წესრიგშიც იყო გათვალისწინებული, თუმცა პარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვის გადადებას. ასე, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა მის საბოლოო დამტკიცებამდე მოესწრება.


“ჩვენ ვაპირებთ  ვენეციის კომისიის შენიშნვნების გათვალისწინებას და ამ მიზეზითაც არ ვჩქარობთ ამ კანონპროექტის მიღებას”, განაცხადა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.


ზუსტად ერთი თვის წინ, 18 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ერთთვიანი საერთო -სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნებულიყო საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ, რომელიც თბილისსა და ბათუმს შორის კომპეტენციათა გამიჯვნას ითვალისწინებს. 


რეგლამენტის თანახმად, შეიქმნა საორგანიზაციო კომისია, რომელიც 1 თვის განმავლობაში განიხილავდა ყველა იმ შენიშვნას, რომელიც კანონპროექტის მიმართ გაჩნდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button