ახალი ამბები

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ცამეტმა პარტიამ გამოთქვა მონაწილეობის სურვილი

20 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი 13-მა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთა. პარტიათა განაცხადების მიღების ბოლო ვადა 27 მაისს ამოიწურა. პარტიებს პოლიტიკური ბლოკების შესაქმნელად 3 ივნისამდე აქვთ დრო .


აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას (უსკ) არჩევნებში მონაწილეობის განცხადებით მიმართეს: მერაბ კოსტავას საზოგადოებამ, დემოკრატიული სიმართლის პარტიამ, ახალმა კომუნისტურმა პარტიამ, ტრადიციონალისტთა კავშირმა, ლეიბორისტულმა პარტიამ, ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ, ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ,  პარტია “მრეწველეობა გადაარჩენს საქართველოს”, რესპუბლიკურმა პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ, მწვანეთა პარტიამ, ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ და ქალთა დაცვის კავშირმა.


20 ივნისის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს პარტია “ახალი მემარჯვენეები” მათი საპარლამენტო პარტნიორების  – “მრეწველებისაგან” –  განსხვავებით.


ჯერ-ჯერობით ცალ-ცალკე განაცხადები შეიტანეს ნაციონალურმა მოძრაობამ და რესპუბლიკურმა პარტიამ, რომლების 2004 წლის 28 მარტის არჩევნებში ერთ ბლოკში იყვნენ გაერთიანებულები. “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ისინი კონსულტაციებს გამართავენ ნაციონალურ მოძრაობასთან საარჩევნო ბლოკის შექმნის თაობაზე.


20 ივნისს აჭარის მოსახლეობა 30 წევრიან უმაღლეს საბჭოს აირჩევს, რადაც 18 პროპორციული, ხოლო 12 დეპუტატი მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული.

Back to top button