
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი გაიმართა
თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად 26 მაისს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აღლუმი გაიმართა.
აღლუმში შეიარაღებული ჯარების საუკეთესო ნაწილების 5,000-მდე ჯარისკაცმა და ოფიცერმა მიიღო მონაწილეობა; ასევე მოეწყო მძიმე ტექნიკის ასამდე ერთეულის, მძიმე არტილერიისა და „გრადის“ ტიპის საზენიტო დანადგარების დემონსტრირება.
სამხედრო აღლუმში საქართველოს საჰაერო ძალებმაც მიიღეს მონაწილეობა. „სუ-25“ ტიპის ოთხმა ბომბდამშენმა, „მი-24“ და „მი-14“ ტიპის ვეტმფრენებმა, ასევე აშშ-ის მიერ ნაჩუქარმა „იროკეზებმა“ თბილისის თავზე გადაიფრინეს.
სამხედრო აღლუმი ბათუმშიც ჩატარდება, სადაც საქართველოს საზღვაო ძალები მიიღებენ მონაწილეობას.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 მაისს განაცხადა, რომ “აღლუმი საქართველოს ძალების დემონსტრირებას ისახავს მიზნად“.
ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო აღლუმის ჩატარებას 650,000 ლარი დასჭირდა.