
სოხუმში ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები გაიმართება
სოხუმში დღეს გაეროს ეგიდით ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები გაიმართება. განხილვის მთავარი თემა უსაფრთხოების გარანტიები იქნება.
ქართულ მხარეს მოლაპარაკებებზე წარმოადგენს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საქმეში გოგა ხაინდრავა, ხოლო აფხაზურს – დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა.
მოლაპარაკებები საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჰეიდი ტალიავინის თავმჯდომარეობით წარიმართება.
საქართველოს ხელისუფლება უკვე შეუდგა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე ახალი კონცეფციის განხილვას, რომელიც ორსუბიექტიანი ფედერაციული სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე გამოხატეს შეშფოთება იმის თაობაზე, რომ თბილისმა შესაძლოა ძალის გამოყენებით სცადოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
თუმცა, გოგა ხაინდრავამ ამ ვარაუდს „აბსურდული და უსაფუძვლო“ უწოდა. 20 მაისის მოლაპარაკებების დროს იგი შეეცდება დაარწმუნოს აფხაზური მხარე იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს კონფლიქტის მოგვარებას.
პრეზიდენტი სააკაშვილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებისა და საქართველოს გაერთიანების თაობაზე სპეციალურ განცხადებას 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გააკეთებს.