ახალი ამბები

აჭარაში პროტესტი მატულობს, პარლამენტი აბაშიძის გადადგომას მოითხოვს







აფეთქებული ხიდი ჩოლოქზე.
მას შემდეგ, რაც ბათუმში ასლან აბაშიძის სპეცდანიშნულების რაზმმა 4 მაისს ოპოზიციის მორიგი მიტინგი დაარბია, საქართველოს პარლამენტმა მკაცრი განცხადება მიიღო და აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის „უპირობო გადადგომა“ მოითხოვა.

„იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის მიერ მიცემული ათდღიან ვადაში არ შესრულდება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები, რისი ალბათობაც დიდია აჭარაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს პარლამენტი მზად არის მხარი დაუჭიროს პრეზიდენტს აჭარაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაში. იმ შემთხვევაში თუ აჭარაში რიგგარეშე არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება შესაძლებელი არ იქნება, მაშინ პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით გაატაროს საქართველოს კონსტიტუციით გათავლისწინებული ყველა შესაძლებელი ზომა“ – ნათქვამი პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებულ დოკუმენტში.

როგორც ცნობილია პრეზიდენტმა სააკაშვილმა აბაშიძეს შეიარაღებული ჯგუფების განიარაღებისთვის ვადა 12 მაისამდე მისცა, მას შემდეგ რაც აჭარის ხელმძღვანელობამ აჭარაში დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ხიდები ააფეთქა. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტი აჭარის მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნით დაიმუქრა.

„ჩვენ არ გვსურს ომი, მაგრამ არც იმას მოვითმენთ, რომ რომელიმე პოლიტიკური ფიგურა ან რეგიონის ხელისუფლება უმოწყალოდ არბევდეს და უსწორდებოდეს ჩვენს მოსახლეობას” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანამძემ.

ახლადარჩეული პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებას წინ უძღოდა ბათუმში ადგილობრივი მოსახლეობის მიტინგის დარბევა. მომიტინგენი, რომლის ბირთვს სტუდენტების წარმოადგენდნენ, აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის გადადგომას და ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოივდნენ.

ოპოზიციური მოძრაობა “ჩვენი აჭარის” მონაცემებით დაშავებულია – 50 მოქალაქე მათგან საავადმყოფოში იმყოფებიან – 13 მოქალაქე, 6 მოქალაქე მძიმე მდგომარეობაშია, ერთი რეანიმაციაშია. გაერთიანებულიოპოზიცია “ჩვენი აჭარა”-ს ოფისი დარბეულია.

სპეც-რაზმმა მშვიდობიან მომიტინგეებს საშუალება არ მისცა უნივერსიტეტის შენობის წინ შეკრებილიყვნენ, მათ გამოიყენეს წყლის ჭავლი, შემდეგ კი მომიტინგენი ხელკეტებით დარბიეს. არიან დაშავებულები. მომიტინგეებმა მოგვიანებით კვლავ სცადეს უნივერსიტეტის შენობის წინ შეკრება, თუმცა უშედეგოდ. „მე პირადად ვიყავაი საავადმყოფოში და ვინახულე შვიდიოდე დაშავებული სკოლის პედაგოგი. მათ გარდა კიდევ არიან დაშავებულები,“ განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ „რადიო „თავისუფლების ბათუმელმა კორესპონდენტმა ევგენი თავდგირიძემ.


„დარბევის დროს ადგილობრივი პოლიცია მონაწილეობას არ იღებდა. ძალას ძირითადად სპეც-რაზმი იყენებდა” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” სატელეფონო საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.


ამჟამად საპროტესტო აქცია ბათუმში შეწყვეტილია, თუმცა სტუდენტების განცხადებით, ისინი კვლავ აპირებენ საპროტესტო აქციების გამართვას და ეს უფრო ფართომასშტაბიანი აქცია იქნება.


დღესვე აქცია გამართეს ქობულეთის რაიონის მოსახლეობამ და აჭარაში ვითარების დარეგულირებას ითხოვენ.


„მათი პროტესტი სრულიად გასაგებია, რადგან ქობულეთის მოსახლეობის უმრავლესობის შემოსავალი საზაფხულო სეზონზე რაიონში ჩასული დამსვენებლების უკავშირდება. მთელი წლის შემოსავალს ეს მოსახლეობა ძირითადა ზაფხულში აგროვებს, მეტი შემოსავალი მათ არ გააჩნიათ, არსებული სიტუაცია კი დამსვენებლების ჩამოსვლას ქობულეთში საერთოდ აბსურდულს ხდის“ – განაცხადა „სივოლ ჯორჯიასთან“ საუბრისას რადიო თავისუფლების ბათუმელმა კორესპონდენტმა ევგენი თავდგრიძემ.
 
ბათუმში მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის ბოლო პერიოდში უკვე მეორე ფაქტი დაფიქსირდა. 300-კაციანი მიტინგი ბათუმში 30 აპრილსაც დაარბიეს. თუმცა ეს უკანასკნელი უფრო ფართომასშტაბიანი იყო.


„მოსახლეობა როგორც ჩანს ძალის გამოყენებას აღარ უშინდება და უფრო აქტიურობს. ამ ეტაპზე აჭარაში ვითარების შეცვლა მშვიდობიანად მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურობის საფუძველზეა შესაძლებელი“ – განაცხადა ევგენი თავდაგრიძემ.


ამასობაში, თბილისში საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომა იმართება, რომელზეც ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.

მსგავსი/Related

Back to top button