ახალი ამბები

ცსკ-ს თავმჯდომარე აჭარაში გაემგზავრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი 14 აპრილს დილით აჭარაში გაემგზავრა, სადაც ხულოსა და ქობულეთში განმეორებითი არჩევნების მომზადების პროცესს გააკონტროლებს; თუმცა მზადების პროცესს უკვე შეუშალა ხელი ქობულეთში ღამე მომხდარმა ინციდენტმა.


„შეიარაღებულმა ჯგუფმა მოსთხოვა ცსკ-ს წარმომადგენლებს ქობულეთში დაეტოვებინათ აჭარა; ამგვარად, ისინი იძულებულნი გახდნენ ფოთში გამგზავრებულიყვნენ“, – განუცხადა ცსკ-ს წარმომადგენელმა გივი ორდენიძემ „სივილ ჯორჯიას“.


ცსკ-მ თავისი წარმომადგენლები ქობულეთსა და ხულოში 13 აპრილს გააგზავნა განმეორებითი არჩევნების მოსამზადებლად და ჩასატარებლად.
„ცსკ-ს თავმჯდომარე ფოთში ჩავა და იქ შეხვდება ჩვენს წარმომადგენლებს და მათგან მიიღებს ინფორმაციას ქობულეთში არსებული სიტუაციის თაობაზე, ხოლო შემდეგ აჭარაში გაემგზავრება“, – დასძინა ცსკ-ს წარმომადგენელმა.


2 აპრილს ცსკ-მ გააუქმა ხულოსა და ქობულეთის საარჩევნო ოლქების შედეგები მთელი რიგი დარღვევების გამო.


„აღორძინების კავშირმა“, რომელმაც ამ ორ რაიონში ხმების უმრავლესობა მოიპოვა,  და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე მონიტორინგს ახორციელებდა, სასამართლოში შეიტანეს სარჩელი ცსკ-ს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. თუმცა, სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა და ცსკ-ს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მსგავსი/Related

Back to top button