ახალი ამბები

საქართველო სომხეთს სარკინიგზო მაგისტრალის საკითხის გადაწყვეტაში აქტიურობას სთხოვს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა თავის სომეხ კოლეგასთან თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  სომხეთმა უფრო „აქტიური როლი უნდა ითამაშოს“ სომხეთსა და რუსეთს შორის საქართველოს გავლით სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის საქმეში.


„რკინიგზის აღდგენა სომხეთსა და რუსეთს შორის [აფხაზეთის გავლით] საქართველოს ინტერესებშიც შედის. თუმცა, როგორც ცნობილია, ეს ქართველების აფხაზეთში დაბრუნებასთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.


სომხეთი საქართველოსგან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას მოითხოვს, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს სტრატეგიულ პარტნიორს – რუსეთს ყველაზე ხელსაყრელი გზით დაუკავშირდეს.


საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, რკინიგზის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც აფხაზეთიდან დევნილებს აფხაზეთში დაბრუნების საშუალება მიეცემათ.


„სომხეთმა უფრო აქტიური და დადებითი როლი უნდა ითამაშოს ამ პრობლემის მოგვარებაში“, – დასძინა მერაბიშვილმა.


„სოჭი-თბილისი-ერევანის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენას სომხეთისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამგვარად, ეს საკითხი აუცილებლად შევა მოლაპარაკებების დღის წესრიგში“, – განუცხადა სარქისიანმა ჟურნალისტებს თბილისში ჩამოსვლისას.

მსგავსი/Related

Back to top button