
მიხეილ სააკაშვილი: არჩევნები ჩატარდება
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 15 მარტს გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „აჭარაში მომხდარი პროვოკაცია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ავტონომიურ რესპუბლიკაში არ შეუშვეს, მიზნად ისახავდა 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების ჩაშლას“.
„აჭარის ხელისუფლება, რომელიც განწირულია დამარცხებისთვის არჩევნებში, ქაოსის შექმნა სურდა ქვეყანაში არჩევნების წინ. მათ უნდოდათ, რომ ჩვენ ძალა გამოგვეყენებინა; მაგრამ ჩვენ საკმაო ჭკუა გვაქვს იმისათვის, რომ ეს თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
„არჩევნები ჩატარდება საქართველოში და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ არჩევნები აჭარაშიც ჩატარდეს“, – დასძინა მან.
თუმცა, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) თავჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, აჭარიდან მოსულ სიებში ძალიან ბევრი პროცედურული დარღვევა და უზუსტობები იყო.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ შემოიღო „ნაწილობრივი“ ეკონომიკური სანქციები ავტონომიის წინააღმდეგ, რათა ორი კვირის განმავლობაში ამოწუროს „აჭარის რეჟიმის რესურსები“.