ახალი ამბები

ფრანგი დიპლომატი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 11 მარტს განაცხადა, რომ იგი  საქართველოში საფრანგეთის ელჩს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნავს.


„სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ქართველ ემიგრანტთა ოჯახში დაიბადა. იგი ქართულს სრულყოფილად ფლობს და ჩვენი ისტორიაც შესანიშნავად იცის“, – განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა 11 მარტს ჟურნალისტებს.


პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება 8-10 მარტს მის საფრანგეთში ვიზიტს მოყვა. სააკაშვილის განცხადებით, მან ეს საკითხი საფრანგეთის პრეზიდენტთან ჟაკ შირაკთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დომინიკ დე ვილეპინთან განიხილა.


„მე მათგან [საფრანგეთის ხელმძღვანელობისგან] თანხმობა მივიღე  იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დავნიშნო,“ აღნიშნა სააკაშვილმა. „იგი გამოცდილი დიპლომატია და აშშ-ში და ნატოში საფრანგეთის დიპლომატიურ მისიებში მუშაობდა,“ – დასძინა პრეზიდენტმა.


გასულ წელს საქართველოში საფრანგეთის ელჩის თანამდებობაზე დანიშვნამდე სალომე ზურაბიშვილი 2001 წლის დეკემბრიდან საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ეროვნული თავდაცვის სამდივნოს სტრატეგიულ და საერთაშორისო საქმეთა უფროსად მუშაობდა. 


მანამდე იგი იყო სტრატეგიულ საქმეთა დირექტორის თანაშემწე ნატოს, ევროპის უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის ოპერაციებში. იგი ასევე იყო ნატოში საფრანგეთის დელეგაციის წევრი.


ხმები სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის თაობაზე ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს, ახალი კაბინეტის შექმნამდე, გავრცელდა. თუმცა, შემდეგ ამ პოსტზე თედო ჯაფარიძე დაინიშნა.


ცოტა ხნის წინ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს აქვს უფლება უცხოეთის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანოჭოს.


„მე მაქვს უფლება სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მოქალაქეობა მივანიჭო, ამგვარად მას ორმაგი მოქალაქეობა ექნება – საქართველოს და საფრანგეთის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button