ახალი ამბები

პეტრე ცისკარიშვილმა თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ პეტრე ცისკარიშვილმა 4 თებერვალს  თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.


პეტრე ცისკარიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ განკარგულებას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორი დღის წინ მოაწერა ხელი. ცისკარიშვილის წარდგენა ამ თანამდებობაზე კი ერთი თვის წინ მოხდა, თუმცა მაშინ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ მისი დანიშვნის შესახებ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.


პეტრე ცისკარიშვილმა ნინო ბურჯანაძე თავისი ნათესავების ლობირებაში დაადანაშაულა. „ყოფილი მინისტრის კობა ნარჩემაშვილის მოადგილე დავით თოდუა მისი [ბურჯანაძის] ნათესავია და მოადგილედ მისი დანიშვნა სურდა. ამის გამო მან ხელი არ მოაწერა განკარგულებას”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა 2 თებერვალს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ.


ამ განცხადებას ნინო ბურჯანაძის მწვავე რეაქცია მოყვა. მან შეურაცხყოფისთვის პეტრე ცისკარიშვილს საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

Back to top button