
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში ანტი-კრიმინალური ოპერაცია დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ზუგდიდში ანტი-კრიმინალური ოპერაციის განხორციელება დაიწყო. სპეცოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობს.
მისი განცხადებით, ოპერაციის დროს სამართალდამცავებმა 30-მდე პიროვნება დააკავეს და დიდი რაოდენობით იარაღი და ტყვია-წამალი ამოიღეს.
“ზუგდიდის რაიონი კრიმინალური ელემენტების სიმრავლით გამოირჩეოდა. ბევრი მათგანი პარტიზანების სახელს იყო ამოფარებული და დანაშაულს ჩადიოდა. მსგავსი ოპერაციების შედეგად კი მოხდება ყველა კრიმინალის დაკავება”, – განაცხადა გიროგი ბარამიძემ 4 თებერვალს.
ანტიკრიმინალური ოპერაციების ჩატარების შესახებ განკარგულება 3 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასცა.
“უნდა ჩატარდეს ანტიკრიმინალური ოპერაციები, რომელიც საშუალებას მოგვცემს განვაიარაღოთ და დავაპატიმროთ საქართველოში მოქმედი შეიარაღებული ბანდები, რომლებიც ატერორებენ ადგილობრივ მოსახლეობას. მე გავეცი განკარგულება, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ნებისმიერი ბანდიტი გაანადგურონ ადგილზე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 3 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას.