skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 28 იანვარს სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „საქართველოს ერთადერთი სურვილი სხვა არაფერია, თუ არა ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად გახდომა“. 


სააკაშვილის განცხადებით, საქართველო და ევროპა მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან, თუმცა ამ კავშირის გასაძლიერებლად ევროპამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს – მან უნდა უზრუნველყოს მომავალი თაობების კეთილდღეობა და სტაბილურობა.


„დღეს ჩვენ ერთად უნდა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯი, რათა საქართველო „ფართო ევროპის“ წევრად ვცნოთ“, – დასძინა სააკაშვილმა.


საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის „რუსეთთან ახალი ურთიერთობების დასამყარებლად – იმ ურთიერთობებისა, რომლებიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გაამართლებს, თუ რუსეთი ნამდვილად მზად არის მშვიდობიანი და კონსტრუქციული როლი ითამაშოს“.


„როდესაც საუბარი რუსეთთან ჩვენს ურთიერთობებს ეხება, უნდა გავიხსენოთ, რომ წარსულში რუსეთმა საკმაოდ უარყოფითი როლი ითამაშა ჩვენთან მიმართებაში. ეს სტრატეგია დღესაც გრძელდება და რუსეთის მიერ ბაზების გაყვანის თაობაზე საერთაშორისო  ხელშეკრულებების შეუსრულებლობაში გამოიხატება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


„მე მეგობრული ხელი გავუწოდე რუსეთს, რითიც გამოვხატე ჩემი მზადყოფნა ახალი ურთიერთობების დამყარებისთვის ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალ თვეს, როდესაც ჩავალ მოსკოვში, პრეზიდენტი პუტინი მიიღებს ჩემს მეგობრულ გამოწვევას“, – დასძინა მან.


სააკაშვილის განცხადებით, საქართველო გარკვეული პრობლემების წინაშე დგას. „მე პირველი ვარ, ვინც აღიარებს, რომ ჩვენ ვერ შევცვლით საქართველოს ერთ ღამეში“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატება მთელი რეგიონის წარმატებას ნიშნავს, თუმცა თუ საქართველო ვერ შეძლებს ამ წარმატების მიღწევას, „ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს მთელი რეგიონისთვის იქნება ცუდის მომასწავებელი“.


მისი თქმით, დემოკრატიის გაძლიერება, ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და კორუფციის აღმოფხვრა ახალი მთავრობის მუშაობის პრიორიტეტები იქნება.


28 იანვარს საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა ქვეყნის ახალი ხუთჯვრიანი დროშა ევროსაბჭოს წინ აღმართა. სააკაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტი იყო საზღვარგარეთ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button