ახალი ამბები

ჟვანია აბაშიძესთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებს

სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია უარყოფს ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის ასლან აბაშიძის შემცვლელად მისი პარტიის რომელიმე წევრის დასახელებასთან დაკავშირებით. ზურაბ ჟვანია მომავალში აქტიურ თანამშრომლობას აპირებს ასლან აბაშიძესთან.


“მე სასაცილოდ და სამარცხვინოდ მიმაჩნია ამ თემაზე საუბარი, როდესაც აჭარას ჰყავს თავისი ლიდერი. გარწმუნებთ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია იქ გადასაწყვეტი, ვიდრე ლიდერის თანამდებობა. პირადად მე მეუხერხულება, როდესაც ასეთ დისკუსიებს ვისმენ”, – განაცხადა დღეს ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.


მისი თქმით, არანაირი სამხედრო ძალების გამოყენება არ იგეგმება აჭარაში ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. “აჭარაში მიმდინარე პროცესი სხვა არაფერია, თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება”, – აცხადებს ზურაბ ჟვანია.


ასლან აბაშიძის შესაძლო შემცვლელად 27 იანვარს ახალი მოძრაობა “დემოკრატიული აჭარის” დამფუძნებელი ედვარდ სურმანიძე დასახელდა, რომელიც “გაერთიანებული დემოკრატების” წევრია. ეს ინფორმაცია დღეს “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას თავად ედვარდ სურმანიძემ უარყო და განაცხადა, რომ ახალი მოძრაობის ჩამოყალიბება მიზნად ისახავს კონსტიტუციის ფარგლებში აჭარაში ხელისუფლების შეცვლას.

Back to top button