ახალი ამბები

„ამნესთი ინთერნეიშენელი“ ახალ მთავრობას ადამიანის უფლებების დაცვას მოუწოდებს

„ამნესთი ინთერნეიშენელმა“ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა ადამიანთა უფლებების საკითხი მისი პოლიტიკის პრიორიტეტად აქციოს.


„ამნესთი ინთერნეიშენელი“ მოუწოდებს პრეზიდენტ სააკაშვილს ყურადღება გაამახვილოს ქვეყანაში ადამიანთა უფლებების დაცვაზე და ხელი შეუწყოს მათ პატივისცემას მიუხედავად პოლიტიკური აზრისა, რწმენისა, ეთნიკური წარმომავლობისა და სქესისა.


„ამნესთი ინთერნეიშენელის“ მიერ 25 იანვარს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია მოუწოდებს სააკაშვილს უზრუნველყოს რელიგიური უმცირესობებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა საქართველოში; ბოლო მოუღოს პოლიციის მიერ წამებისა და აბუჩად აგდების ფაქტებს; უზრუნველყოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებების დაცვა საქართველოში.


„ამნესთი ინთერნეიშენელი“ მოუწოდებს სააკაშვილს დღის წესრიგში დააყენოს წინა ხელისუფლების მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ექსტრადიციის წინააღმდეგ დადებული ხელშეკრულების გაუქმების საკითხი, რადგანაც ეს ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტით აღებულ ვალდებულებებს.

Back to top button