ახალი ამბები

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ საქართველოში მდგომარეობა გამოსწორდება

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი იმედოვნებს, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტი ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ საქართველოში მმართველობა გამოსწორდეს და ქვეყანა ევროსაბჭოს სტანდარტებს მიუახლოვდეს.


„იანვრის დასაწყისში გამართულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა საქართველოში ცვლილებების დასაწყისი გვამცნო. იმედი გვაქს, რომ საქართველოს ახალი ლიდერი უზრუნველყოფს ცვლილებებს მმართველობაში ევროსაბჭოს სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა ვალტერ შვიმერმა 27 იანვარს გამართული საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.


საქართველოს ახალი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სტრასბურგში დღეს გაემგზავრა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მოხსენებით გამოვა. ევროსაბჭოს პარლამენტარები საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ.

Back to top button