
ახალი ამბები
პაუელი: აშშ შეშფოთებულია რუსეთის პოლიტიკით მეზობლების მიმართ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა 26 იანვარს რუსეთის გაზეთ „იზვესტია“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია რუსეთის პოლიტიკით თავისი მეზობლების მიმართ, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყეს.
კოლინ პაუელი 26 იანვარს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იგორ ივანოვთან გამართავს მოლაპარაკებებს. იგი მოსკოვში თბილისიდან ჩავიდა, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.
როგორც პაუელმა თბილისში ყოფნისას განაცხადა, იგი კიდევ ერთხელ შეეცდება დაარწმუნოს თავისი რუსი კოლეგები, რომ მოსკოვმა უნდა შეასრულოს სტამბულის 1999 წლის ხელშეკრულება და გაიყვანოს სამხედრო ბაზები საქართველოდან.