
აშშ საქართველოს მომავლის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ 22 იანვარს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი საქართველოს მომავლის მიმართ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის ხელმძღვანელობით თბილისში 25 იანვარს ჩამოვა ახლადარჩეული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად.
ადამ ერელის განცხადებით კოლინ პაუელი მიხეილ სააკაშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან გამართავს შეხვდრებს, რომლის დროსაც მხარეები აშშ-ის დახმარების საკითხებს განიხილავენ.
საქართველოდან აშშ-ის დელეგაცია რუსეთში გაემგზავრება. ადამ ერელიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ მოუწოდებს რუსეთს სტამბულის სამიტზე აღებული ვალდებულებები შეასრულოს და თავისი სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიიდან გამოიყვანოს.