ახალი ამბები

მერაბ ჟორდანია ციხიდან გაათავისუფლეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია დღეს ციხიდან გაათავისუფლეს. დაპატიმრების შემდეგ მას საოლქო სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


მერაბ ჟორდანია სამართალდამცავმა ორგანოებმა 12 დეკემბერს აეროპორტში დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას და  პარიზში გამგზავრებას აპირებდა. მას დიდი რაოდენობით გადასახადების დამალვასა და სახელმწიფო სახსრების მითვისებაში ედება ბრალი. 16 იანვარს მერაბ ჟორდანიამ 742 ათასი ლარი გადაიხადა. ეს ის თანხაა, რომლის მითვისებაშიც მას ბრალი ედებოდა.


თანხის გადახდის მიუხედავად გამოძიება კვლავ გრძელდება; საქმე ეხება შევეიცარიის ბანკში აღმოჩენილ 4 მლნ დოლარს, რომელიც სავარაუდოდ ფეხბურთისა ფედერაციის პრეზიდენტის სახელს უკავშირდება. ამჟამად გენერალური პროკურატურა შვეიცარიის პროკურატურასთან ერთად ამ საკითხს იძიებს.  

Back to top button