ახალი ამბები

ლინ პასკომ საქართველოს ექსპრეზიდენტს აშშ-ის პრეზიდენტის წერილი გადასცა

(თბილისი, 4 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ლინ პასკო დღეს კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში საქართველოს ექსპრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა.

აშშ-ის დელეგაცია ლინ პასკოს ხელმძღვანელობით საქართველოში სამდღიანი ვიზიტით 3 დეკემბერს ჩამოვიდა ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესწავლისა და მომავალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში დახმარების გაწევის მიზნით.

ლინ პასკომ შევარდნაძეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წერილი გადასცა, რომელშიც ბუში მადლობას უხდის ექსპრეზიდენტს დემოკრატიის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის. 

შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსიც ესწრებოდა.

ცოტა ხნის წინ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ ამერიკის შეერთებული შტატები “ხავერდოვანი რევოლუციის” ორგანიზებაში დაადანაშაულა.

მან ასევე ეჭვები გამოთქვა აშშ-ის ელჩის რიჩარდ მაილსის საქართველოში ბოლოს დროს განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობის თაობაზე. 2000 წელს იუგოსლავიის პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის ჩამოგდებამდე ამერიკის ელჩი ბელგრადში სწორედ რიჩარდ მაილსი იყო.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button