ახალი ამბები

ნაციონალების ლიდერი მოსახლეობას ხავერდოვანი რევოლუციის დაცვისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ გავიდნენ პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი, ხავერდოვანი რევოლუციის დასაცავად.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერები დაუკავშირდნენ უცხოეთის ქვეყნების ელჩებს და მიიღეს გარანტიები, რომ არცერთი უცხოური ქვეყნიდან არ იქნება დახმარება შევარდნაძის სასარგებლოდ.

“ახლა მთავარია, რომ არ დაიღვაროს სისხლი, მთავარია, რომ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები არ დაემორჩილონ დანაშაულებრივ ბრძანებებს. ყველა მინისტრს, რომელიც ხალხის მხარეს გამოვა, ვაძლევთ გარანტიას, რომ შეინარჩუნებს თამანდებობებსაც კი”, – აცხადებს სააკაშვილი.

“ამ წუთში პრეზიდენტის მოვალეობებს ასრულებს ნინო ბურჯანაძე, და ყველა ძალოვანიო უწყება მას უნდა დაემორჩილოს”, – თქვა სააკაშვილმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ხალხი აძლევს შევარდნაძეს ფიზიკური უსაფრთხოების ყოველგვარ გარანტიას იმ შემთხვევაში, თუ იგი არ გაისვრის. ხოლო თუ გაისვრის, იგი გასამართლდება”.

ამავე დროს, ნაციონალების ლიდერი აცხადებს, რომ შევარდნაძეს გაცემული აქვს ბრძანება დამოუკიდებელი ტელეკომპანია “რუსთავი-2″-ის გათიშვა, და თუ გაითიშა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ აპირებენ ჩვენი გამარჯვების ჩახშობას”.

ამჟამად პარლამენტის შენობასთან გრძელდება ოპოზიციის მომხრეთა მრავალათასიანი აქცია, რომელთა წინაშეც დრო და დრო გამოდიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და ხალხს სიმშვიდის და მხნეობისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი/Related

Back to top button