
“სამართლიანი არჩევნები” საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებით უკამყოფილოა
(თბილისი, 20 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (სამართლიანი არჩევნები) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ 2 ნოემბრის არჩევნები გაყალბდა და არჩევნების შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას.
“სამართლიანი არჩევნები ჯერ კიდევ 4 ნოემბერს მოუწოდებდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გამოეჩინა კეთილი ნება და თავიდან აეცილებინა არჩევნების შედეგების გაყალბება, რაც ნიშნავს იმას, რომ ცსკო-ს უარი უნდა ეთქვა გაყალბებული შედეგების დადასტურებაზე და ცნობაზე. სამწუხაროდ, არჩევნების დღიდან მომდევნო 18 დღის განმავლობაში ცსკო და საოლქო კომისიები თავად მოგვევლინნენ არჩევნების შედეგების გაყალბების ორგანიზატორებად და საარჩევნო უბნებზე უკვე გაყალბებული შედეგების დამატებით გაყალბებაში თავად არანაკლები წვლილი შეიტანეს”, – ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების” განცხადებაში.
აქედან გამომდინარე სამართლიანი არჩევნები 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უკანონოდ ცნობს.