
ცსკო-მ არჩევნების საბოლოო შედეგები დღეს უნდა გამოქვეყნოს
(თბილისი, 20 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკო) დღეს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა გამოაქვეყნოს.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების შედეგების გამოქვეყნების ბოლო ვადა 20 ნოემბერს, საღამოს 6 საათზე იწურება.
თუმცა, რამდენიმე საარჩევნო ოლქმა ჯერ კიდევ არ წარადგინა შემაჯამებელი ოქმები.
წინასწარი შედეგებით, სახელისუფლებო ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” ლიდერობს ხმების 20.95%-ით, მას მოსდევს აღორძინების კავშირი – 18.29%, სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას მესამე ადგილი უკავია – 17.48%. შემდეგ მოდიან ლეიბორისტული პარტია – 11.74%, ბურჯანაძე-დემოკრატები – 8.22%, ახალი მემარჯვენეები – 6.91% და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს – 5.85%.
პოლიტიკურმა პარტიებმა პარლამენტში შესასვლელად 7%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.
ოპოზიციური პარტიები ცსკო-ს და ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ.
ნაციონალური მოძრაობისა და ბურჯანაძე-დემოკრატების საპროტესტო აქციებთან ერთად, ლეიბორისტულმა პარტიამ ახალი პარლამენტის ბოიკოტირების საკითხი დააყენა იმ შემთხვევაში, თუ ცსკო არჩევნების შედეგებს გააყალბებს. ლეიბორისტული პარტიის განცხადებით, 7% ბარიერი მხოლოდ ოთხმა პარტიამ გადალახა.