
სააკაშვილი ზუგდიდიდან თბილისისკენ მსვლელობას ამზადებს
(თბილისი, 19 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში იმყოფება და თავის მხარდამჭერებს თბილისისკენ მშვიდობიანი მსვლელობისკენ მოუწოდებს პრეზიდენტ შევარდნაძის გადაყენების მიზნით. ოპოზიციის საპროტესტო აქცია თბილისში, სავარაუდოდ, 20 ნოემბერს გაიმართება.
მაშინ, როცა შევარდნაძის მომხრეები თბილისში 18 ნოემბერს ოპოზიციის საწინააღმდეგო აქციას მართავდნენ, ანტისახელისუფლებო აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდა. 300-500 მონაწილე რუსთავში, ახალციხეში, ფოთში, თელავში, ზუგდიდში, აბაშაში და სამტრედიაში შეიკრიბნენ.
ბათუმიდან ჩამოსულმა შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის ასობით მხარდამჭერმა გასული ღამე პარლამენტის შენობის წინ გაათენა. აღორძინების კავშირის თბილისის ორგანიზაციის ლიდერმა ცოტნე ბაკურიამ მხარდამჭერებს მოუწოდა არ დაშლილიყვნენ და დალოდებოდნენ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებას.
გაერთიანებული ოპოზიცია 2 ნომებრის არჩევნების შედეგების გაუქმებას და შევარდნაძის გადადგომას მოითხოვს. 20 ნოემბერი საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების ბოლო ვადაა.
წინასწარი მონაცემებით, შევარდნაძის საარჩევნო ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” პირველ ადგილზეა. მას მოყვება “აღორძინების კავშირი”. ნაციონალურ მოძრაობას მესამე ადგილი უკავია.