
“აღორძინება” და ხელისუფლება სტაბილურობის შენარჩუნებას მიტინგით ცდილობენ
აჭარიდან უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილმა ადამიანებმა თბილისის სპორტის სასახლეში 18 ნოემბერს დილიდან დაიწყეს შეკრება. შეკრების მიზეზების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებდნენ თავად “აღორძინების” და სახელისუფლებო ბლოკის ლიდერები, რომლებიც შეხვედრაზე მოგვიანებით გამოჩნდნენ. აღორძინების ლიდერების ინფორმაციით, სპორტის სასახლეში “აღორძინების” ფორუმი ტარდებოდა. სახელისუფლებო ბლოკის ლიდერების განცხადებით კი, ეს იყო თბილისელების შეკრება ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარების მხარდასაჭერად. “აქ შეკრებილია თბილისელები, რომელთაც არ სურთ არეულობა და დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რასაც უკვე რამდენიმე დღეა ადგილი აქვს სააკაშვილი-ჟვანიას მხრიდან. ჩვენ მზად ვართ ვაპატიოთ მათ და ადგილები დაუთმოთ პარლამენტში. გვითხრან რა ადგილები სურთ და მზად ვართ დაუთმოთ, ადგილების მეტი რა არის. ახლა ყველას უნდა მოვუტევოთ იმ ფაშისტური ლოზუნგებისთვის, რასაც ამ დღეებში ავრცელებდნენ. თუ მათ შეუძლიათ რეგიონებიდან მოსახლეობის ჩამოყვანა, ჩვენც გვაქვს ამის უფლება. თუ სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის მხარდამჭერები მოქალაქეები არიან, ჩვენმა მხარდამჭერებმა რა დააშავეს” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” საუბრისას სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა, ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ. სპორტის სასახლეში შეკრების პარალელურად, “აღორძინების” და სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლების შეხვედრა ასევე იმართებოდა ჭადრაკის სასახლეში და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შეკრებაზე მისული ადამიანების ერთმა ნაწილმა საერთოდ არ იცოდა, რასთან დაკავშირებით იყო შეკრება. “ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ გვინდა პრეზიდენტი გადადგეს და ამის მხარდასაჭერად ვარ მოსული”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” თბილისელმა თინათინ ალიევამ, რომელიც დილიდან სპორტის სასახლეში მივიდა. თავად აღორძინების ერთ-ერთი ლიდერი ჯემალ გოგიტიძე, რომელიც ერთი კვირის წინ ბათუმში ჩასულ საქართველოს პრეზიდენტს თბილისში ჩასვლას და მხარდაჭერას აღუთქვამდა, სპორტის სასახლეში ედუარდ შევარდნაძის და სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი მხარდამჭერის, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის კრიტიკით გამოვიდა. დარბაზში მყოფი სახელისუფლებო ბლოკის ლიდერები ჯემალ გოგიტიძის ამ განცხადებას მშვიდად უსმენდნენ. ერთადერთი, რაშიც “აღორძინებაც” და ხელისუფლებაც ერთიანია, როგორც ჩანს, ეს ოპოზიციის კრიტიკაა. “ჩვენ ვზრუნავთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. უკვე საკმარისია ის, რაც ამ ბოლო 5 დღის განმავლობაში ისმის ოპოზიციური პარტიების ლიდერებისგან, ქვეყანაში სიტუაცია უნდა დაწყნარდეს და ახლადარჩეულმა პარლამენტმა მუშაობა უნდა დაიწყოს”, – განაცხადა სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელმა გია ზურაბაშვილმა. “მე მსურს ქვეყანაში მშვიდობა და მზად ვარ შუამავლის როლი შევასრულო. ამიტომ მოვედი ამ შეხვედრაზე, თუ გაერთიანებული ოპოზიცია საკუთარ შეხვედრაზე მიმიწვევს იქაც მივალ”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ვლადიმერ კახაძემ. “სამსახურის დაკარგვა არ მინდა და ამის გამო ვიმყოფები აქ, იყო ისეთი საუბარი, რომ თუ არ წამოვიდოდი, ხელფასს არ მომცემდნენ და სამსახურსაც დავკარგავდი. ისედაც რთულ სოციალური პირობებში ვიმყოფებით და ახლა სამსახურის დაკარგვა დამღუპველი იქნებოდა ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვის”, – განაცხადა ერთ-ერთმა ბათუმელმა ქალბატონმა. “იმისათვის, რომ თბილისში ამ შეხვედრისთვის ჩამოვსულიყავით, აჭარის ხელმძღვანელობამ დაგვაფინანსა. თუ დროშას დავიჭერდი ხელში, მაშინ 50 ლარს მიხდიდნენ და ამას ემატება კვებაც”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ბათუმელმა ახალგაზრდამ. სპორტის სასახლეში საზოგადოების მობილიზება იგრძნობოდა ასევე სახელისუფლებო ბლოკის მხრიდანაც. სახელმწიფო დაწესებულებების უმრავლესობა დღეს პარალიზებული იყო, რადგან ხელმძღვანელობის დავალებით მომუშავე პერსონალი “მშვიდობისთვის საბრძოლველად” სპორტის სასახლეში იკრიბებოდა. ასევე იყვნენ ქვემო ქართლიდან ჩამოსული აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეებიც. პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, დაახლოებით, 7 ათასი ადამიანი შეიკრიბა, თუმცა საღამოსთვის ეს რაოდენობა განახევრდა. ცოტნე ბაკურიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა არ დაშლილიყვნენ, რათა ეს ადგილი შემდეგ სააკაშვილის მომხრეებს არ დაეკავებინათ. მაშინ როდესაც “აღორძინება,” ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად თბილისში ოპოზიციის საწინააღმდეგო აქციას მართავდა, ოპოზიციის ლიდერები – მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის მოადგილეს ლინ პასკოს ხვდებოდნენ და საქართველოში შექმნილ ვითარებას აცნობდნენ. ოპოზიცია უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, 20 ნოემბერს, თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო მანიფესტაციის გამართვას გეგმავს ერთადერთი მოთხოვნით – გადადგეს პრეზიდენტი შევარდნაძე. თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია“დემოკრატიული აღორძინების” კავშირი, რომლის ლიდერები თავს ნამდვილ ოპოზიციურ პარტიად მიიჩნევენ, დღეს სახელისუფლებო ბლოკის ლიდერებთან ერთად პოლიტიკური ოპონენტების ტაქტიკას მიმართავენ და საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან.
“ერთადერთი ძალა, რომელსაც მშვიდობა სურს, ეს არის “აღორძინების კავშირი” და დღეს ამ ინიციატივით შეიკრიბა ათასობით აჭარელი, რათა დასრულდეს დიქტატურა”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” “აღორძინების კავშირის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჯემალ გოგიტიძემ.
“საქართველოს პრეზიდენტი ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობას, უამრავი ხალხი უკმაყოფილოა. არის უამრავი პრობლემა, ხალხს ელემენტარული საარსებო საშუალება არ აქვს, მაშინ როცა ერთ-ერთი ბიზნესმენი რიტუალების სასახლეს ყიდულობს. მე მოვითხოვ, რომ რიტუალების სასახლე დაუბრუნდეთ ახალგაზრდებს, მანამდე კი მოუწოდებ დევნილებს შევიდნენ რიტუალების სასახლეში”, – განაცხადა შეხვედრაზე ჯემალ გოგიტიძემ.
ჯემალ გოგიტიძემ სპორტის სასახლეში შეკრებილ ხალხს მოუწოდა მშვიდობიანი მსვლელობა მოეწყოთ პარლამენტის შენობისკენ, სადაც მეორე დღეა ასევე აქციას მართავს სახელისუფლებო ბლოკის წევრი გურამ შარაძე.
“ჩვენ გამოვდივართ ექსტრემიზმის და ძალადობის წინააღმდეგ და მოვაწყობთ მშვიდობიან მსვლელობას რუსთაველის გამზირზე”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას “აღორძინების” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ცოტნე ბაკურიამ.
აქციის მონაწილეებთან გასაუბრების შემდეგ აშკარა ხდებოდა, რომ მრავალი მათგანი თბილისში საკუთარი ნებით არ ჩამოსულა.
“ჩვენ მარნეულიდან ჩამოგვიყვანეს აღორძინების მხარდასაჭერად. ახლა კი პარლამენტის შენობის წინ მივდივართ, სადამდე დავრჩებით თბილისში არ ვიცით”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” მარნეულში მცხოვრებმა მამაკაცმა.
“ჩვენ ამ აქციებს პერმანენტულად გავმართავთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე ექსტრემიზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ და დავანახებთ ჩვენ ძალას”, – განაცხადა ჯემალ გოგიტიძემ ოპონენტების გასაგონად.