ახალი ამბები

რუსეთი საქართველოს მოქალაქეებზე ვიზებს შეზღუდულად გასცემს

რუსეთი მიმდინარე კვირას საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას განაახლებს, თუმცა შეზღუდულად – როგორც ეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამდე იყო, განაცხადეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა 3 მარტს, რომ ”გადაჭარბებული მოლოდინები” არ უნდა იყოს ამ ნაბიჯთან დაკავშირებით, რადგანაც ეს არ იქნება სრული აღდგენა.

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა 2006 წლის ოქტომბერში შეწყვიტა ჯაშუშების გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ. 2007 წლის მაისში რუსეთმა ნაწილობრივ აღადგინა ვიზების გაცემა მხოლოდ საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც რუსი ნათესავები ჰყავდათ ან მოწვევა ჰქონდათ. 2007 წლის ივლისში რუსეთმა დაიწყო ვიზების გაცემა საგანმანათლებლო, სამსახურებრივი და ტრანზიტული მიზნებისთვის – ეს წესები ძალაში რჩებოდა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამდე.

ვიზებს თბილისში რუსეთის ყოფილ საელჩოში შვეიცარიელი დიპლომატები გასცემენ. შვეიცარია რუსეთის დიპლომატიურ ინტერესებს წარმოადგენს საქართველოში და ასევე საქართველოს დიპლომატიურ ინტერესებს რუსეთში მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button