
სამართალდამცავებმა ზუგდიდში მომხარ ინციდენტში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს
(თბილისი, 14 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სამართალდამცავმა ორგანოებმა ზუგდიდში შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი ედუარდ თორდია დააკავა, რომლმაც 7 ნოემბერს “ერთიანი მაციონალური მოძრაობის” ზუგდიდში აქციის დროს ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, რის გამოც ჩაიშალა აქცია და დაშავდა სამი ადამიანი. ედუარდ თორდიას დაკავების შესახებ დღეს საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა.
“ოპერატიულმა ჯგუფმა შეძლო ამ პიროვნების დაკავება, რომელმაც 7 ნოემბერს აქციის დროს გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი, რის შედეგადაც დაშავდნენ ადამიანები. ეს პიროვნება არანაირად არ უკავშირდება ჩვენს უწყებას და არც არასდროს ჰქონია შეხება. აქედან გამომდინარე, ვადასტურებ, რომ ამ ინციდენტში არანაირი მონაწილეობა შსს-ს არ მიუღია. დაკავებულმა პიროვნებამ აღიარა, რომ მან შური იძია პირადი შეურაცხყოფისათვის, რომელიც 23 ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა მას, როგორც შემდგომში გაირკვა, შემთხვევით მიაყენეს”, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
მისი ინფორმაციით, ოპერატიულ ჯგუფს ასევე გააჩნია იმ დანარჩენი სამი პიროვნების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ სროლაში და მათი დაკავებაც ამ დღეებში გახდება შესაძლებელი.
საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. დღეს 4 საათზე დაგეგმილ მიტინგთან დაკავშირებით ჟურნალისტებს შსს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პაატა გომელაურმა განუცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოები საზოგადოებრივ წერსრიგს დაიცავენ.