
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას დააფინანსებს
(თბილისი, 12 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 11 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დაფინანსებისთვის 125 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე. ნავთობსადების საშუალებით, რომლის საერთო ღირებულება 3,6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, მოხდება აზერბაიჯანიდან ნავთობის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით თურქეთში და იქიდან დასავლეთის ბაზარზე.
ევროპის ბანკი ასევე 30 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს აზერი-ჩირაგი-გიუნეშლის ნავთობის საბადოს პროექტის დასაფინანსებლად. პროექტის საერთო ღირებულება 3,2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
გადაწყვეტილება ორივე პროექტის დაფინანსების თაობაზე ადასტურებს ამ პროექტების მნიშვნელობას რესურსებით მდიდარი კასპიის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების საქმეში.
4 ნოემბერს საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის დირექტორთა საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება აზერი-ჩირაგი-გიუნეშლის პროექტის დაფინანსების თაობაზე.
მიუხედავად პროტესტისა გარემოს დაცვის ორგანიზაციების მხრიდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და საერთაშორისო ფინანსურმა კორპორაციამ მაინც დააფინანსეს პროექტები.
გარემოს დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, პროექტებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას რეგიონის ეკოლოგიას.
ევროპის ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ ზედმიწევნით შეისწავლეს პროექტების სოციალური და ეკოლოგიური ზემოქმედების ასპექტები. ისინი ირწმუნებიან, რომ მათი მუშაობა გამჭირვალე იქნება, ხოლო პროექტებიდან შემოსული თანხები მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას მოხმარდება.