ახალი ამბები

შევარდნაძე რუსთავში არჩევნების გადადების წინააღმდეგია

(თბილისი, 1 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსთავში საპარლამენტო არჩევნების გადადების თაობაზე რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატების მოთხოვნის მიუხედავად, პრეზიდენტი შევარდნაძე არჩევნების გადადების წინააღმდეგია.  

“მე არ მგონია საჭირო იყოს არჩევნების გადადება. არჩევნები თავის დროზე უნდა ჩატარდეს”, – განაცხადა შევარდნაძემ 1 ნოემბერს.

რუსთავში არჩევნებთან დაკავშირებით წინააღმდეგობა ამომრჩეველთა სიებში დაშვებულმა დარღვევებმა გამოიწვია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ნანა დევდარიანი მხარს უჭერს რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთა მოთხოვნას, რადგან ზოგიერთი მონაცემით, ამომრჩეველთა სიაში 20 ატასამდე ცდომილებაა დაფიქსირებული.

“ამ პირობებში შეუძლებელია არჩევნების ჩატარება. მე ვფიქრობ რუსთავში არჩევნები უნდა გადაიდოს, თუმცა, ამჟამად ეს კომპეტენციაში არ შედის და პრეზიდენტის გადასაწყვეტია”, – განაცხადა ნანა დევდარიანმა. მისი თქმით, ცსკო-ს არ შეუძლია ამ საკითხის განხილვა, რადგან ცსკო-ს სხდომის ჩატარება არჩევნების წინა დღეს აკრძალულია.

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.

მსგავსი/Related

Back to top button