ახალი ამბები

ცსკო-ს დაშლა გარდაუვალია

როგორ დაკომპლექტდება ახალი, ჯერ უცნობია

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ყველა ეთანხმება მოსაზრებას, რომ არსებული ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცსკო) უნდა დაიშალოს. თუმცა აზრთა სხვადასხვაობაა ახალი ცსკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის მხარდამჭერმა “საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა” (სმკ) ცსკო-ს უფლებამოსილების შეწყვეტა და მისი ახლებურად დაკომპლექტება მოითხოვა. თუმცა ოპოზიცია სახელისუფლებო პარტიის ამ ინიციატივას ეჭვის თვალით უყურებს.

ცსკო-ს მწვავე კრიტიკა 2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც კომისიამ არჩევნების ნორმალურად ჩატარებისთვის ელემენტარული მოთხოვნებიც კი ვერ დააკმაყოფილა.

“დღეს მოქმედი ცენტრალური საარჩევნო კომისია არის არასამართლიანი არჩევნების სიმბოლო და სმკ მოითხოვს მისი უფლებამოსილების შეწყვეტასა და დაკომპლექტების ახალი წესის შემოღებას” _ განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში სმკ-ს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, პარლამენტარმა ირაკლი გოგავამ.

აღსანიშნავია, რომ ახლანდელი ცსკ-ს დაკომპლექტების წესი სწორედ “მოქალაქეთა კავშირმა” 1995-99 წლის მოწვევის პარლამენტში დააკანონა და კომისიის წევრთა დიდი ნაწილი, მათ შორის ხელმძღვანელები, მანვე შეიყვანა.

სმკ-ს გასული წლის განხეთქილებამ, რომელმაც მეორე ხარისხოვანი წევრები წინა რიგში გადმოიყვანა, აგრეთვე, მის ხელმძღვანელად საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის გახდომამ, ამ პარტიას ახალი ინტერესები გაუჩინა.

“არსებული საარჩევნო სისტემა ჯორბენაძის აწყობილი არ არის. შესაბამისად, მას არ აქვს ცსკ-ზე ძლიერი გავლენა და არც მისი ყველა დეტალი იცის.&ნბსპ;&ნბსპ; ჯორბენაძე შიშობს, რომ დღევანდელი ცსკ პარლამენტის არჩევნებში მის სასარგებლოდ არ იმუშავებს და ამიტომ, მას ძველის დაშლა და მის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო კომისია შექმნა სურს” _ აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღევანდელი ცენტრალურ საარჩევნო კომისია 18 წევრისგან დაკომპლექტდა.&ნბსპ; კომისია ორმა წევრმა დატოვა, ერთი კი გარდაიცვალა. ამიტომაც, ის Dდღეს უკვე 15-კაციანია.

5-5 წევრი პარლამენტმა და პრეზიდენტმა დანიშნა, 6 წევრი წინა არჩევნებში წარმატებულად გამოსული პარტიებიდან არიან, თითო-თითო კი აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებს წარმოადგენენ.

სმკ ცსკო-ს დაკომპლექტების რამოდენიმე წინადადებას აყენებს. ერთ-ერთი ვარიანტით საარჩევნო კომისია 10-კაციანი და პროფესიული კადრებით&ნბსპ; დაკომპლექტებული უნდა იყოს. გოგავას თქმითვე, კომისიის წევრები პარლამენტმა, პრეზიდენტმა და უზენაესმა სასამართლომ უნდა დანიშნოს.

ამ ტიპის საარჩევნო კომისიის პარალელურად, “მოქალაქეთა კავშირი” მოითხოვს პარტიული მონიტორინგის სამსახურის შექმნას, რომელიც ახალი ცსკ-ის ობიექტურად მუშაობას გააკონტროლებს.

სმკ არ გამორიცხავს რომ ცსკო მთლიანად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დააკომპლექტონ.

საქართველოს პარლამენტმა 2002 წლის აპრილში უკვე განიხილა ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ მომზადებული ახალი საარჩევნო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ცსკ უნდა დაკომპლექტებულიყო იმ პარტიებით, რომლებმაც ბოლო 2 პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში 4-პროცენტზე მეტი ხმა მიიღეს.

კომისიაში ამ პარტიათა 2-2 წევრის გარდა, უნდა შესულიყვნენ აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების თითო და პრეზიდენტის მიერ დანიშნული წარმომადგენლები. ამ პრინციპით, ცსკო 23 კაცით კომპლექტდებოდა.

პარლამენტმა ეს პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. თუმცა, საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესზე შეუთანხმებლობამ, მისი დამტკიცება შეაჩერა.

ამ განხილვამდე 2 წლით ადრე, პარლამენტმა დაამტკიცა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით შემუშავებული ახალი საარჩევნო კანონ-პროექტი, რომელიც ცსკ-ს, ფაქტობრივად, სრულ დეპოლიტიზირებას ითვალისწინებდა. ეს კანონი დღემდე არ ამოქმედებულა.

“ცსკო არასოდეს ყოფილა ისეთი პოლიტიზირებული, როგორიც ახლა არის. ვფიქრობ, 2000 წელს მიღებული კანონი საინტერესოა. მისი ამოქმედება მართლაც შეწყვეტდა იმ გაუთავებელ და უაზრო დავებს, რომლებმაცც ცსკ-ს სხდომბი სპექტაკლებად აქცია” _ აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში&ნბსპ; ცსკ-ს კომისიისა და “გაერთიანებული დემოკრატების” წევრი, ამასთანავე, პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი ხათუნა გოგორიშვილი.

მასვე უადგილოდ მიაჩნია “მოქალაქეთა კავშირის” ახალი ინიციატივა. “როცა უკვე გაქვს ის კანონი, რომელიც სწორედ ცსკ-ს პარტიული პრინციპით დაკომპლექტებას არ ითვალისწინებს, რატომღა სჭირდება სმკ-ს სხვა რამის ძებნა? სხვა საკითხია, რომ პოლიტიკური ნების არქონის გამო, ეს კანონი არ ამოქმედებულა,” _ აღნიშნავს ქალბატონი გოგორიშვილი.

ცსკოსა და მთლიანად საარჩევნო სისიტემის რეფორმირებისაკენ აქტიურად მოუწოდებს ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციათა “დემოკრატიული კოალიცია,” რომელშიც შვიდი ადგილობრივი ორგანიზაციაა გაერთიანებული.

11 იანვარს “დემოკრატიული კოალიციის” წარმომადგენლები სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს შეხვდნენ და სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფომაზე და ახალი ცსკო-ს დაკომპლექტების ვარიანტებზე იმუშავებს.

არსებული ცსკო-ს დაშლის აქტიური მხარდამჭერია თავად “დემოკრატიული კოალიციაც,” თუმცა აღსანიშნავია, რომ ახლის დაკომპლექტების წესზე ჯერ-ჯერობით მკაფიო და ერთსულოვანი პოზიცია არც არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩნიათ.

ასე, რომ ჯერ მხოლოდ ერთი რამეა ნათელი: დღევანდელი ცენტრალური საარჩევნო კომისია მართლაც აჩენს უკეთესის შექმნის სურვილს და ამაზე ყველა თანხმდება. თუმცა როგორი უნდა იყოს ახალი – ეს ჯერ გაურკვეველია.

გოგა ჩანადირი

Back to top button