skip to content
ახალი ამბები

სამართლიანი არჩევნები ცსკო-ის დადგენილებას ეწინააღმდეგება

(თბილისი, 26 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 25 აგვისტოს მიღებულ დადგენილებას ეწინააღმდეგება. დადგენილება საარჩევნო პროცესში მასმედიის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების მონაწილეობის პრინციპებს განსაზღვრავს.

დადგენილების თანახმად,  იკრძალება სახელმწიფო და კერძო ტელე ან რადიორეპორტაჟების სააგიტაციო დანიშნულების კომენტარებით გაშვება. ტელე ან რადიომაუწყებლობის კომპანიებს ასევე ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მონაწილეობით საინფორმაციო-გასართობი გადაცემების გაშვება. დადგენილება ასევე კრძალავს მასმედიით პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ისეთი გამოსვლის ან ინტერვიუს გაშუქებას, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო პროცესთან ან ამომრჩევლის მიერ საკუთარი ნების გამოხატვასთან.   

“სამართლიანი არჩევნების” განცხადებით, დადგენილება არღვევს ამომრჩევლის უფლებას მიიღოს ინფორმაცია. იგი ასევე არღვევს გამოხატვის თავისუფლების პრინციპს და მასმედიის უფლებას გააშუქოს ინფორმაცია რაიმე შეზღუდვის გარეშე.

“მოცემული დადგენილებით ჩვენი ქვეყანა კარგავს შანსს დაამტკიცოს, რომ ის მოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში და დემოკრატიული განვითარების გზაზე დგას”, – ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების” მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button