skip to content
ახალი ამბები

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოსალოდნელი დეფოლტის შესახებ

(თბილისი, 21 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს არ აქვს უნარი გადაიხადოს საგარეო ვალები, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი მანაგაძემ 20 აგვისტოს.

“ქვეყანა ფაქტობრივად დეფოლტში იმყოფება, რადგანაც იგი ვეღარ იხდის საგარეო ვალებს პარიზის კლუბის მიერ დადგენილი გრაფიკის მიხედვით”, – განუცხადა მანაგაძემ ჟურნალისტებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების მიხედვით, საქართველომ საგარეო ვალი დადგენილ ვადებში უნდა გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარიზის კლუბს გაუჭირდება საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაცია.

“სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესრულების ვადებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, შესაძლოა, გაართულოს საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციის საკითხის განხილვა პარიზის კლუბის სხდომაზე სექტემბერში. ამან, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს საინვესტიციო კლიმატზე და მაკროეკონომიკური არასტაბილურობა გამოიწვიოს ქვეყანაში”, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

საქართველოს საგარეო ვალის მთლიანი მოცულობა 1.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button