
აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში ეუთოს ჩართვა საეჭვოა
27-31 მარტს საქართველოში ეუთოს წევრი ქვეყნების 24 ელჩი იმყოფებოდა, რომლებმაც სეპარატისტული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის კონფლიქტის ზონები მოინახულეს. ადგილზე გაეცვნენ საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე შექმილ მდგომარეობასაც, რომლის მონიტორინგსაც სწორედ ეუთო ახორცილებს. ახსანიშნავია, რომ დელეგაციაში იყო დიტერ ბოდენი, რომელიც 2002 წლამდე გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი იყო საქართველოში და რომლის ხელმძღვანელობითაც შეიქმნა “თბილისსა და სოხუმს შორის საკონსტიტუციო უფლებამოსილებთა გამიჯვნის დოკუმენტი.” გაერო და საქართველო ამ დოკუმენტს სამშვიდობო მოლაპარაკებების ბაზისად მიიჩნევენ, მაშინ როდესაც აფხაზური მხარე ე.წ. “ბოდენის დოკუმენტის” განხილვაზე უარს აცხადებს. დიტერ ბოდენმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კონფლიქტის დარეგულირების პროცესი მკვდარი წერტილიდან არ დაძრულა. “ქართულ-აფხაზური ურთიერთობები პროგრესს არ განიცდის” _ აღნიშნა სოხუმში ყოფნისას დიტერ ბოდენმა. “მსოფლიო თანამეგობრობა მზად არის, მხარი დაუჭიროს ყველა ინიციატივას, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში” _ განაცხადა ეუთოს ელჩების დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეუთოში ნიდერლანდების ელჩმა რონალდ სტრიკერმა. სოხუმმა ეუთოს ელჩებთან შეხვედრისას განაცხადეს, რომ არ სურთ თბილისთან პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკურ საკითხებზე კი თანამშრომლობაზე უარს არ იტყვიან. “ჩვენ თბილისთან პოლიტიკურ სტატუსზე მოლაპარაკება ჯერ კიდევ სამი წლის წინ შევწყვიტეთ. ჩვენ არ გვსურს საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა. ეკონომიკურ საკითხებს რაც შეეხება, მზად ვართ, განვიხილოთ 6-7 მარტს რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების პუტინისა და შევარდნაძის სოჭში მიღწეული შეთანხმებები. ჩვენ ორივე მხარიდან კონკრეტულ წინადადებებს ველით” _ განუცხადა ადგილობრივ მედიას თვითაღიარებული ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ. სოჭის შეთანხმების საკვანძო საკითხს აფხაზეთის ეკონომიკური რეაბილიტაცია, სოჭი-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა და ამ პროცესის სინქრონულად, ქართველი დევნილების საკუთარ სახლებში, პირველ რიგში კი გალის რაიონში დაბრუნება წარმოადგენს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველო, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში გაეროს როლისადმი უკმაყოფილებას უკვე ხმამაღლა გამოთქვამს, ყველანაირად დაინტერესებულია სხვა ქვეყნების, მათ შორის აშშ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართვისათვის. თუმცა სოხუმის თვითაღიარებული ხელისუფლება, ისევე როგორც რუსეთი ეუთოს მიმართ სიმპატიებს არ გამოხატავს და არც მისი კონფლიქტის მოგვარების საქმეში ჩართვა სურს. “ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგებაში წამყვანი როლი გაეროს აკისრია და მისი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციით შეცვლა გაუმართლებელია” _ განაცხადა თვითაღიარებული ხელისფლების პრემიერ-მინისტრმა გენადი გაგულიამ. სოხუმის ხელისუფლების უარყოფითი დამოკიდებულება ეუთოსადმი შემთხვევითი არ არის. ეუთო იყო პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც აფხაზეთში ქართველთა “ეთნიკური წმენდა” დაგმო ჯერ ბუდაპეშტის 1994 წლის სამიტზე, შემდეგ კი ლისაბონის 1996 წლის სამიტზე. “ეუთო იყო ის პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც აფხაზეთის ტრაგედია ადეკვატურად შეაფასა და ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაში” _ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 28 მარტს თბილისში ეუთოს ელჩებთან შეხვედრისას. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სოხუმის მსგავსად აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში ეუთოს როლის გაზრდით არც რუსეთი იქნება კმაყოფილი. საქართველოსათვის ეუთო რუსეთის ზეწოლის განეიტრალებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან მექანიზმად იქცა. ეუთო-ს დამკვირვებლებმა, რომლებიც საქართველო-რუსეთის საზღვრის ყველაზე “ცხელ” მონაკვეთებზე მონიტორინგს აწარმოებენ, შარშან რამდენჯერმე დააფიქსირეს რუსული საფრენი საშუალებების საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრა, ხოლო ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ფაქტიც. რუსეთს არაერთხელ გამოუთქვამს პროტესტი და შეშფოთება ეუთოს საქართველოს სასარგებლოდ ტენდენციური საქმიანობისთვის. თუმცა ოფიციალურ თბილისს ეუთოზე და გაეროზე მეტად აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში ახლა უკვე აშშ-ის იმედი აქვს. საქართველოს ხელისუფლება იმედის თვალით უყურებს კოალიციური ძალების წარმატებას ერაყში. “ერაყში სიტუაციის დარეგულირების შემდგომ, აშშ შეძლებს საქართველოს დახმარებას,” აცხადებს პრეზიდენტი შევარდნაძე. გოგა ჩანადირი, გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯიასაქართველოში მყოფმა ეუთოს დელეგაციის 31 მარტის აფხაზეთში ვიზიტმა და სეპარატისტული რეგიონის ხელმძღვანელობასთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სოხუმი თბილისთან პოლიტიკურ საკითხებზე მოლაპარაკებას არ აპირებს. სოხუმი ასევე ეჭვის თვალით უყურებს ეუთოს კონფლიქტის დარეგულირების საკითხში ჩართვას.