skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე მხარს უჭერს დეპუტატების იმუნიტეტის შეზღუდვას

(თბილისი, 4 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტია თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს განაცხადა, რომ მხარს უჭერს პარლამენტის წევრებისთვის იმუნიტეტის შეზღუდვის წინადადებას, მაგრამ იმუნიტეტის მთლიანად გაუქმების წინააღმდეგია.

2 აპრილის მთავრობის სხდომაზე განიხილავდნენ კანონპროექტს ხელისუფლების წარმომადგენელთათვის იმუნიტეტის შეზღუდვის თაობაზე, მათ შორის პარლამენტის წევრებისთვისაც. პროექტის თანახმად, სასამართლოს მოთხოვნის შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლები შეიძლება დაიკითხონ.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ ამ კანონპროექტს სუსტი უწოდა და იუსტიციის სამინისტროს 10 დღის ვადაში კანონპროექტში შეტანილი დებულებების გამკაცრება მოთხოვა. პრეზიდენტის თქმით, “პატიოსან და წესიერ ადამიანებს” იმუნიტეტი არ სჭირდებათ.

მაგრამ როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, დეპუტატებისთვის იმუნიტეტის სრულად მოხსნა ხელს შეუშლის მათ პოლიტიკურ მოღვაწეობაში.

ამჟამად 1000-მდე თანამდებობის პირს გააჩნია იმუნიტეტი, მათ შორის პარლამენტის 235 დეპუტატსაც, რომელიც მათ სასამართლო დევნისგან იცავს.

სამართალდამცავი ორგანოები ხშირად ჩივიან, რომ არ შეუძლიათ ამა თუ იმ დანაშაულის გამოძიება, რომელთანაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ პარლამენტის წევრებს იმის გამო, რომ მათ იცავთ იმუნიტეტი და ხშირად მათი დაკითხვაც კი შეუძლებელია.

“ვფიქრობ, რომ იმუნიტეტი სამარტალდამცავებისთვის წინაღობა არ არის საქმის გამოსაძიებლად, რომელშიც შესაძლოა დეპუტატები იყვნენ გარეულნი”, – თქვა ბურჯანაძემ.

1 აპრილს გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს თხოვნით მიმართა, რომ თეთრი წყაროს დამოუკიდებელ დეპუტატს დავით ბეჟუაშვილს იმუნიტეტი გააუქმდეს, რადგან იგი ეჭვმიტანილია 5 მილიონი ლარის დატაცებაში, როცა იგი სახელმწიფო კომპანია “საქგაზის” ხელმძღვანელად მუშაობდა. პარლამენტს ეს საკითხი ჯერ არ განუხილია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button