ახალი ამბები

დაპირისპირება პარლამენტში კვლავ ჩხუბში გადაიზარდა

(თბილისი, 5 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – სოციალისტებსა და “გაერთიანებულ დემოკრატებს” შორის დაპირისპირება დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომის მიმდინარეობის დროს ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა.

სოციალისტების ლიდერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა და “გაერთიანებულ დემოკრატების” წარმომადგენელმა ზაზა შერაზადაშვილმა ერთმანეთს ფიზიკური შეურახყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც რჩეულიშვილს თავი გაუტყდა, შერაზადაშვილს კი ვენები აქვს დაზიანებული.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, როცა რჩეულიშვილი ბიუროს სხდომაზე გამოჩნდა და შელაპარაკება მოუვიდა “გაერთიანებული დემოკრატების” წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ მათ სხვა კაბინეტში გადაინაცვლეს, სადაც ვითარება უფრო გამწვავდა.

ამ დროისათვის ორივე პიროვნება საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ ორი პარტიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც რჩეულიშვილი ახალგაზრდა სოციალისტთა კავშირის ყრილობაზე ღიად დაუპირისპირდა და შეურაცმყოფელი განცხადებები გააკეთა “გაერთიანებული დემოკრატების” მიმართ.

დღესვე “გაერთიანებული დემოკრატების” გენერალური მდივნის გოკა გაბაშვილის საპასუხო ღია წერილი გამოქვეყნდა, სადაც რჩეულიშვილს მოუწოდებს შეწყვიტოს მსგავი ცილისმწამებლური განცხადებები კეთება. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button