ახალი ამბები

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი უარყოფს რომ სამ ჩეჩენს ლტოლვილის სტატუსი გააჩნია

(თბილისი, 10 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია)მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში სამი ჩეჩენის სასამართლო პროცესზე დღეს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოვალეობის შემსრულბელი ოთარ ყეენაშვილი წარსდგა, რომელმაც წარმოადგინა დოკუმენტი ორი ჩეჩენის შესახებ, სარგებლობდნენ თუ არა ისინი ლტოლვილის სტატუსით.

ყეენაშვილის ინფორმაციით, ალხანოვი ამ სტატუსით 2000 წელს სარგებლობდა, ხოლო შემდეგ წლებში რეგისტრაცია არ გაუვლია და სტატუსი ავტომატურად მოეხსნა. გელოგაევს კი ამ სტატუსი ვადა 2003 წლის თებერვლამდე ჰქონდა, მაგრამ 2002 წლის 20 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოგზავნილი გრიფით საიდუმლო წერილის შემდეგ ეს სტატუსი მოეხსნა.

“ამ წერილის წარდგენა სასამართლო პროცესზე ვერ მოხდება, ვინაიდან იგი საიდუმლოა” – განაცხადა ყეენაშვილმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე არც ერთი მათგანი ლტოლვილთა სტატუსით არ სარგებლობს.

ამას აპროტესტებენ ჩეჩნების ადვოკატები. “სამინისტროში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ამ სტატუსის შეწყვეტას ითვალისწინებს, ის პირი ვინც ერთი წლის მანძილზე არ გაივლის რეგისტრაციას ავტომატურად უწყდება ლტოლვილის უფლება. სინამდვილეში კი ლტოლვილთა შესახებ კანონის მე-8 მუხლი ითვალისწინებს სტატუსის შეწყვეტას იმ შემთხვევაში თუ ეს პირი დაბრუნდება სამშობლოში, კონფლიქტური ვითარების დარეგულირების შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ამ სტატუსით უნდა სარგებლობდეს” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ადვოკატმა მაია ძამუკაშვილმა.

ისინი ასევე ეჭვქვეშ აყენებენ საიდუმლო წერილის არსებობის საკითხსაც, ვინაიდან ამ საქმეში ჩართული არ ყოფილა შსს.

საქმის დაჩქარება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შუამდგომლობა დააყენეს დღევანდელ პროცესზე პროკურორებმა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, რის გამოც მათ პროტერტის ნიშნად პროცესი დატოვეს.

მოსამართლის მოთხოვნით პროკურორები კვლავ გამოცხადდნენ სასამართლო პროცესზე.
ამის შემდეგ ადვოკატებმა, ახალი შუამდგომლობა დააყენეს, რაც საქმეში ახალი მასალების ჩართვას ითვალისწინებს.

ადვოკატმა მალხაზ პატარაიას განცხადებით არსებობს პრეცედენტი, რომ დაკავებული ჩეჩნების ექსტრადაციის შემთხვევაში მათი სიკვდილით დასჯა მოხდეს, ვინაიდან რუსეთის მხარის მიერ მათზე სისხლის სამართლის 317-ე მუხლით არის საქმე აღძრული, რაც სიკვდილით დასჯას გულისხმობს.

“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმია გამოცხადებული, მაინც არსებობს ამის საშიშროება, ვინაიდან ეს დოკუმენტი რუსეთის დუმის მიერ რატიფიცირებული არ არის, სწორედ ამის დამადასტურებელი მასალების ჩართვას ვითხოვთ”, – განაცხადა პატარაიამ.

მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმეს 25 გვერდიანი მასალა დაერთო, რომლის განხილვაც 11 მარტს გამართულ სასამართლო პრიცესზე მოხდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button