ახალი ამბებიწერილები

საქართველოს ახალგაზრდნა იურისტთა ასოციაციის განცხადება

საქართველოს უშიშროების სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის “ექსტრემისტულ და უცხოურ კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციათა და გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერების, მათი ლიკვიდაციის და აკრძალვის შესახებ” თაობაზე

საქართველოს უშიშროების სამინისტროს ინიციატივით, 2003 წლის 18 იანვარს გავრცელდა კანონპროექტი “ექსტრემისტულ და უცხოურ კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციათა და გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერების, მათი ლიკვიდაციის და აკრძალვის შესახებ” რომელიც თავისი პათოსითა და შინაარსით, ქვეყანაში თავისუფალი აზრისა და დამოუკიდებლად მოღვაწე ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებისა და ლიკვიდაციის ყველა დღემდე წამოწყებულ ინიციატივაზე უფრო თავხედურია. დღემდე შექმნილი არც ერთი კანონპროექტის ავტორის ფანტაზიას მსგავსი ფორმა არ მიუღია. საგულისხმოა, რომ ქვეყნის ხელისუფალთა დიდი ხნის ოცნების ხორცშესხმა, გაუსწორდნენ “ხალხის მტრებს”, “ქვეყნის დამსმენებს” და კიდევ ათასი სხვა ჯურის ანტი-სახელმწიფოებრივ ელემენტებს ამჯერად უშიშროების სამინისტრომ ითავა.

კანონ-პროექტის ავტორები გვამცნობენ, რომ ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერების, აკრძალვის ან ლიკვიდაციის საფუძველი შეიძლება იყოს უცხოურ კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობის აღკვეთა (მუხლი 1), ასეთად კი განმარტავენ:

მუხლი 3.ე:

“უცხოურ კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობა – ისეთი ორგანიზაციის ან პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობა, რომელიც უცხო სახელმწიფოსაგან, უცხოეთის ან საერთაშორისო ორგანიზაციისაგან ან მათი წარმომადგენლისაგან, ანდა კერძო პირისაგან ითხოვს ან ღებულობს ფინანსურ შემოწირულობებს, სესხებს ან ნებისმიერი სახის დახმარებას, პირდაპირ ან არა-პირდაპირ, ანდა აქვს ურთიერთობა უცხო სახელმწიფოსთან, უცხოეთის ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენელთან ანდა კერძო პირთან; ასევე ისეთი ორგანიზაციის ან პოლიტიკური გაერთაინების საქმიანობა, რომლის პოლიტიკა და საქმიანობა განისაზღვრება ან შემუშავდება უცხო სახელმწიფოსთან, უცხოეთის ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენელთან, ანდა კერძო პირთან თანამშრომლობით, თუ აღნიშნული ქმედებები მიმართულია საქართველოს ინტერესების საზიანოდ;”

სამწუხაროდ, კანონპროექტის ავტორებს დაავიწყდათ განესაზვრათ თუ რას წარმოადგენს საქართველოს ინტერესები და რა ობიექტური კრიტერიუმებით, ან ვის მიერ განისაზღვრება ეს უკანასკნელი.

კანონ-პროექტი მიუთითებს რომ რეგისტრირებული ორგანიზაციის საქმიანობა შეიძლება შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს ან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუმცა იქვე მიგვანიშნებენ რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ასეთი წესი ქვეყანაში არ არსებობს. საკონსტიტუციო სასამართლოს, ისევე როგორც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ავტორების მინიშნება ნათელი და ცინიკურია “მიბრძანდით სტრასბურგში”, მანამდე კი თქვენ აგეკრძალებათ საქმიანობა, საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობა, ყრილობების, მიტინგების, დემონსტრაციების, მსვლელობების, პიკეტირებების ან სხვა მასობრივი აქციების მოწყობა და ჩატარება, ასევე არჩევნებში და რეფერენდუმში მონაწილეობა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სარგებლობა (მუხლი 8.8). ასევე თქვენი ქონება გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას (მუხლი 8.9).

ეს ყოველივე უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში. იმ შემთხვევაში თუ გაუქმდება აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი (მუხლი 11.2). თუმცა გაუგებარია როგორ მოხდება ანაზღაურება. და კიდევ ერთი, ორგანიზაცია ექვემდებარება აკრძალვას თუკი მისი ხელმძღვანელი ამ წევრი, მრავალ მიზეზთა შორის საქვეყნოდ აკეთებს ისეთ განცხადებებს იდეოლოგიური ჯგუფის მიმართ (?) (მუხლი 9.3).

კანონ-პროექტი დახუნძლულია მსგავსი ტიპის დებულებებით რომელიც სრულ წინააღმდეგობაშია ქვეყნის კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებებთან. ჩვენის აზრით მსგავსი კანონპროექტის გამოჩენა, რომელიც ხელისუფლების მრავალწლიანი სურვილის გახმოვანებაა ერთადერთ მიზანს ემსახურება. შეიქმნას სამართლებრივი ბაზა მომავალი არჩევნების წინ დროებით მაინც (6 თვით) შეჩერებული იქნას სხვადასხვა არა-სასურველი საზოგადოებრივი ორგანზიაციების, მას-მედიის საშუალებებისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობა, რითაც ფაქტიურად უზრუნველყოფილი იქნება არჩევნების “წარმატებით” ჩატარება ზედმეტი ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე.

საქართველოში მოღვაწე ნებისმიერი ცნობილი არა-სამთაბრობო ორგანიზაცია და პოპულარული მას-მედიის საშუალება, ისევე როგორც ნებისმიერი პოლიტიკური პარტია დამარცხდება კანონ-პროექტით დადგენილი ტესტის ჩაბარებაში და აკრძალვის თუ არა, საქმიანობის 6 თვით შეჩერების რეალური საფრთხის წინაშე მაინც აღმოჩნდება.

საქართველოში ყველა, მეტ-ნაკლებად დემოკრატიული ორიენტაციის ძალა თავისი პოლიტიკისა და საქმიანობის განსაზღვრა-შემუშავებისას ნამდვილად თანამშრომლობდა უცხო სახელმწიფოს თუ არა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მაინც, ხოლო ის თუ რა არის უშიშროების სამინისტროს მიერ განსაზღვრული “საქართველოს ინტერესები” ძალზედ ბუნდოვანი, საკამათო და სუბიექტური კატეგორიაა, და რეალურად გამოყენებული იქნება ან პოლიტიკური ანგარიშსწორების, ან არა-სასურველი საზოგადოებრივი ძალების აკრძალვის მიზნით, რომლებიც სერიოზულ დისკომფორტს უქმნიან ხელისუფლებას.

იმედს ვიტოვებთ რომ აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევის თეორიული შესაძლებლობაც კი არ არსებობს თუმცა ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ინიციატივების სიხშირე და სულ უფრო და უფრო თავხედური ტინალობა ნამდვილად იმსახურებს სერიოზულ რეაგირებას როგორც ქართული ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

მსგავსი/Related

Back to top button