ახალი ამბები

პრეზიდენტი აცხადებს, რომ კახი ასათიანს პრობლემები ჰქონდა ბიზნესში

(თბილისი, 25 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – კახი ასათიანს “გარკვეული პრობლემები ჰქონდა საავიაციო ბიზნესში, თუმცა ამაზე ლაპარაკი ახლა აზრს მოკლებულია. მე არ ვარ კომპეტენტური ვისაუბრო ამ საკითხებზე”, – განაცხადა თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ კომპანია “აირზენას” ვიცე-პრეზიდენტის კახი ასათიანის მკვლელობასთან დაკავშირებით.

20 ნოემბერს თბილისის ცენტრში საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს სპორტის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ავიაკომპანია “აირზენას” ვიცე-პრეზიდენტი კახი ასათიანი. მკვლელები მიიმალნენ.

ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ცნობით, გამოძიებამ უკვე 40-მდე ადამიანი დაკითხა საქმესთან დაკავშირებით და დღის ბოლოსთვის მზად იქნება სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი. ასევე ტელეკომპანია იტყობინება, რომ გამოძიებამ დაადგინა და დააკავა მანქანა, რომელსაც მკვლელთან შეიძლება ჰქონდეს კავშირი.

“მე დეტალები ზუსტად არ ვიცი, ბატონ კახის დიდი ხანია არ შევხვედრივარ, მას კი, როგორც ეტყობა, არ უნდოდა არც ჩემი და არც ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა შეწუხება”, – აღნიშნა შევარდნაძემ რადიო-ინტერვიუში. პრეზიდენტმა გენერალურ პროკურატურას დაავალა, რომ საქმის გამოძიება განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანონ.

22 ნოემბერს სპორტის დეპარტამენტში ქართველი სპორტსმენებისა და სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც განაცხადეს, რომ კახი ასათიანის დაკრძალვის შემდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის მოწყობას აპირებენ სამართალდამცავების უმოქმედობის გამო, რამაც ტრაგიკული შედეგები გამოიწვია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button