ახალი ამბები

ხაბურძანიამ უარყო საიდუმლო გეგმის არსებობა

(თბილისი, 22 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას დეპუტატ ჯუმბერ პატიაშვილის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის კომპიუტერიდან ამობეჭდილი ქაღალდი და არ წარმოადგენს სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის სამოქმედო გეგმას.

ხაბურძანიას თქმით, როცა იგი მინისტრად დაინიშნა გასული წლის მიწურულს, მას ეს მასალები შემოუტანეს, მაგრამ მან დაიწუნა და გეგმად არ დაუმტკიცებია. მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტისთვის ამ დოკუმენტის მიწოდება პროვოკაცია იყო. “არსებობს ეჭვმიტანილთა წრე და ჩვენ გამოვიძიებთ, თუ ვის ინტერესებში შედიოდა ამ მასალების გამომზეურება”, – აღნიშნა მინისტრმა.

22 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა ჯუმბერ პატიაშვილმა განაცხადა, რომ ხელში ჩაუვარდა 2001 წლის დეკემბერში შემუშავებული უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის სამოქმედო გეგმის ასლი, რომელშიც ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით ლაპარაკია აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პარტიაში სპეციალური აგენტურული ქსელის შექმნის შესახებ, ასევე ზომების შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის, ეკლესიისა და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, არსებობს დოკუმენტის დედანი, რომელიც უშიშროების სამინისტროში უნდა ინახებოდეს. როგორც ამავე სხდომაზე ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, მას აცნობეს, რომ უშიშროების სამინისტროში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სხვა 24 გვერდიანი დოკუმენტის შექმნაზე, რათა დაფარული იქნას ის ნიუანსები, რომლებიც პატიაშვილის განცხადებაში იყო მითითებული.

პრეზიდენტის მხარდამჭერმა ფრაქციებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი განცხადებები პროვოკაციაა, რომელიც საეჭვოდ ემთხვევა იმ დროს, როცა პრაღაში ნატოს სამიტი მიმდინარეობს და პრეზიდენტი შევარდნაძე დღეს ოფიციალური განაცხადის გაკეთებას აპირებს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების თხოვნით.

დეპუტატების ნაწილმა პარლამენტის ახალი საგამოზიებო კომისიის ან პარტიების ლიდერთა ჯგუფის შექმნა მოითხოვეს, რადგან, მათი თქმით, არსებობს გარკვეული ნიუანსები, რომლებიც ეჭვს იწვევენ და დასაზუსტებელია.

ანალოგიური აჟიოტაჟი გამოიწვია სექტემბრის შუა რიცხვებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებულის დოკუმენტის ერთ-ერთმა მუხლმა, რომლითაც სამართალდამცავ ორგანოებს იმ დეპუტატების ქმედებების შესწავლა ევალებოდათ, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და კრიმინალში.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button