ახალი ამბები

საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნები ოპოზიციის თანამშრომლობას აფერხებს

ოთხთვიანი დაგვიანების შემდეგ 4 ნოემბერს თბილისის მეორე საკრებულო შეიკრიბა, რომელმაც თავმჯდომარედ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აირჩია. თუმცა ამ არჩევნებმა ოპოზიციურ პარტიებს შორის ახლახანს დაწყებული თანამშრომლობა შესაძლოა შეაფერხოს და ახალი დაპირისპირება გამოიწვიოს, ხოლო სასამართლოში შეტანილმა სოციალისტური პარტიის სარჩელმა კი საერთოდ საკრებუკოს მუშაობის შეჩერება გამოიწვიოს.
 
49-კაციან საკრებულოში თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 29-მ მიიღო. იუსტიციის ყოფილ მინისტრსა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხმა 27-მა წევრმა მისცა. მას მხარი დაუჭირეს ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებულმა “ლეიბორისტებმა,” აგრეთვე “ერთობამ” და ზურაბ ჟვანიას “გაერთიანებულმა დემოკრატებმა”.

თავმჯდომარის არჩევნებში 3-მა პარტიამ _”ახალმა მემერჯვენეებმა”, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” და “დემოკრატიულმა აღორძინებამ” არ მიიღო მონაწილეობა და სხდომა მიატოვეს. მათი პროტესტი კენჭისყრაში მოქმედი დეპუტატების, კერძოდ კი ელდარ შენგელაიას, ელენე თევდორაძისა და გიორგი ბარამიძის (“გაერთიანებული დემოკრატები”) მონაწილეობამ გამოიწვია.  საკრებულოში ოპოზიციად ჩამოყალიბებულ პარტიათა ლიდერების თქმით დეპუტატების კენჭისყრაში მონაწილეობით კანონი დაირღვა, რადგან ერთიდა იმავე დროს ორ თანამდებობაზე ყოფნა არ შეიძლება.

“რადგანაც მათ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, მათ პარლამენტი უნდა დატოვონ. კონსტიტუციით პარლამენტარებს სხვაგან მუშაობა ეკრძალებათ” _ განუცხადა “სივილი ჯორჯიას” ვალერი გელბახიანმა.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე “ახალი მემარჯვენეებს” ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურის წარედგინა სურდა, რომელმაც პარლამენტი აპრილში სწორედ ამ თანამდებობის იმედით დატოვა. არასაკმარისი მხარდამჭერების გამო, ის თავმჯდომარის თანამდებობაზე აღარ წარდგა და ოპოზიციას ჩაუდგა სათავეში.

ოპოზიციურ პარტიათა შორის დაპირისპირებამ 5 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე გადაინაცვლა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა პეტრე ცისკარიძემ ახალი მემარჯვენეები საკრებულოს წევრების მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულა, რათა მათ ხმა ლევან გაჩეჩილაძესთვის მიეცათ. ამ ბრალდებამ პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი გამოიწვია.

“გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი ზურაბ ჟვანია ამ დაპირისპირებეში შუამავლის როლში გამოდის და აცხადებს, რომ ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის რომ დაწყებული თანამშრომლობა გაგრძელდეს. “მე შევხვდი მიხეილ სააკაშვილსაც და ლევან გაჩეჩილაძესაც რათა ოპოზიციას შორის დაწყებული დიალოგი არ შეჩერდეს,” განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 5 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

თუმცა როგორც ახლების ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე აცხადებს, მის პარტიას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი გააგრძელოს თუ არა თანამშრომლობა დანარჩენ ოპოზიციასთან.

დავა საკრებულოსა და მისი თავმჯდომარეობის პოსტის გარშემო შესაძლოა სულ ფუჭი აღმოჩნდეს, რადგან არ არის გამორიცხული რომ ახლად არჩეული საკრებულოს მუშაობა შეჩერებულ იქნეს. 3 ნოემბერს სოციალისტურმა პარტიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და 2 ივნისის არჩევნებისას დაფიქსირებული მრავალრიცხოვანი დარღვევების გამო არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა. “ჩვენ ვთვლით, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და ახალმა საკრებულომ მუშაობა არ უნდა დაიწყოს” _ უთხრა “სივილ ჯორჯიას” დენის დავითაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი სოციალისტების სარჩელს არასერიოზულს უწოდებს. “რაც უნდათ ის უქნიათ, საკრებულომ მუშაობა დაიწყო. ჩვენ ვერავინ გაგვაჩარებს,” აცხადებს მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ბოლო მოწვევის პარლამენტი უკვე მეორედ უნდა დატოვოს. პირველად მან პარლამენტარის მანდადტი 2002 წლის შემოდგომას, იუსტიციის მინისტრად დანიშვნის გამო დატოვა.

ახლად არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე წინასაარჩევნო ლოზუნგის “საქართველო შევარდნაძის გარეშე” განხორციელებას თბილისიდან იწყებს. “ჩვენ უკვე კონკრეტულ საკითხებზე დავიწყებთ პარტიებთან კონსულტაციებს. ერთს კი ყველას ვპირდებით, რომ თბილისს შევარდნაძის კლანისგან გავათავისუფლებთ” –  აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

გოგა ჩანადირი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button