ახალი ამბები

ჟვანიას თქმით, არჩევნების გაყალბებას ქუჩის აქციები მოჰყვება

(თბილისი, 1 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – “დარღვევები იმდენად ნათელია, რომ არჩევნები არაუმეტეს ერთი კვირით უნდა გადაიდოს ან არსებული დარღვევები ერთ დღეში უნდა გამოსწორდეს”, განაცხადა დღეს ზურაბ ჟვანიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ჟვანიას თქმით, არჩევნების ჩატარებას აზრი არა აქვს, ვინაიდან მოსალოდნელია მისი ტოტალური გაყალბება. “თუ ვითარება არ გამოსწორდება, ამომრჩეველი ქუჩაში გამოვა და საკუთარ ხმას ქუჩის საპროტესტო აქციაზე დაიცავს”, აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

“ნაწინასწარმეტყველები ტოტალური გაყალბება აჩვენებს, რომ შევარდნაძე მართვის დიქტატორულ ფორმას ირჩევს. არჩევნების საშუალებით ხალხმა საკუთარი ნება უნდა გამოხატოს. თუ ამომრჩეველს ეს უფლება წაარვეს, ის საკუთარ ნებას ქუჩის დემონსტრაციებით გამოხატავს”.

საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია – ჟვანის გუნდი, ნაციონალური მოძრაობა, ტრადიციონალისტები, მრეწველები, სოციალისტები, სახალხო პარტია, ლეიბორისტები, “ერთობა” და “თანადგომა” 2 ივნისს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადებას ითხოვენ.

ამ პარტიათა ლიდერების თქმით, მათ ამომრჩეველთა გაყალბებული სიები იპოვნეს. მათი ინფორმაციით, თბილისის საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სიიდან 22 ათასი ადამიანის მონაცემებია ამოღებული.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button