ახალი ამბები

საქართველო ომის საშიშროების წინაშე დგას

“რეზონანსი”, “დილის გაზეთი”, “ახალი თაობა”

დღევანდელი პრესა ბევრს საუბრობს საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი ბოევიკების სავარაუდო ყოფნის თაობაზე და საქართველოს მიმართ რუსეთის მუქარაზე. “საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია. რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ წარმოებულ საინფორმაციო ომს, შესაძლოა, უახლოეს მომავალში სამხედრო გაგრძელება მოჰყვეს”, წერს “რეზონანსი”.

გუშინ პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიძემ პირველმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 400-კაციანი შეიარაღებული ფორმირება, რომლშიც გაერთიანებული არიან ქართველები, ჩეჩენები და სხვა კავკასიელები აფხაზეთის იმ ტერიტორიაზე იმყოფებიან, რომელსაც საქართველო ვერ აკონტროლებს. გუშინ შეტაკება მოხდა ამ დაჯგუფებასა და აფხაზებს შორის. ბარამიძემ “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ეს არის პროვოკაცია, რომელიც საქართველოს კავკასიურ ომში ჩათრევას ისახავს მიზნად. ამ შეიარაღებულმა ჯგუფმა, შესაძლოა, განახორციელოს გარკვეული მოქმედება რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით.

დადასტურებულია ის ფაქტი, რომ შეიარაღებული ფორმირება აფხაზეთის ტერიტორიაზე კოდორის ხეობიდან შევიდა. პროვოკაციის მიზნით, შესაძლოა, რუს სამშვიდობოებს მშვიდად გაეტარებინათ ჩეჩნები, რომლებიც კოდორიდან აფხაზეთში მიმავალ გზაზე დგანან, წერს “რეზონანსი”.  

ოფიციალური ინფომაციით, საქართველოს საზღვართან რუსული სამხედრო ტექნიკაა თავმოყრილი. სოჭსა და ადლერში ორი რუსული დივიზიაა მობილიზებული. შეინიშნება რუსული სამხედროებისა და ტექნიკის საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეუთანხმებლად. ამავე დროს, ამიერკავკასაში რუსეთის სამხედრო შტაბიც სანსაკუთრებულ რეჟიმზეა გადაყვანილი.

განსხვავებულია სიტუაცია საქართველოს ხელისუფლებაში. ქართული პრესა დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა ერთიან პოზიციას ვერ აყალიბებს. “ხელისუფლების გაუგებარი და გაურკვეველი პოზიციის პარალელეურად მოსახლეობის შეშფოთება მატულობს”, წერს “დილის გაზეთი”. მაღალჩინოსანთა უნიათობაზე განსაკუთრებით ბევრს საუბრობს კავკასიის საკითხთა ექსპერტი მამუკა არეშიძე, თუმცა ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ, მართლია გვიან, მაგრამ მაინც დაიწყო გარკვეული ზომების მიღება კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. მისი განცხადებით, მოსალოდნელ პროვოკაციაში ქართველი სამართალდამცავებიც არიან ჩართულნი რუსეთის სასარგებლოდ.

“ახალი თაობა” აღნიშნავს, რომ პუტინმა საქართველოს სამკვირიანი ულტიმატუმი წაუყენა. აღნიშნული დროის განმავლობაში “თუ ბოევიკებს უკლებლივ არ ჩავაბარებთ, რუსეთი საქართველოს დაბომბავს”, წერს გაზეთი. “დილის გაზეთის” ინფორმაციით კი აღნიშნული ვადა მხოლოდ 72 საათს მოიცავს, რის შემდეგაც რუსეთი საერთაშორისო ტერორიტების და მათი მფარველების წინააღმდეგ უმკაცრესი ზომების მიღებას აპირებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button