Placeholder canvas
ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრის მიხეილ სააკაშვილის რადიოინტერვიუ

საქართველოს რადიოს პირველი არხი
გადაცემა – “კონტაქტი”
წამყვანი – დოდო შონავა

დოდო შონავა: პირველი პრეტენზია, რასაც დაუსაბუთებელი და უკანონო ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების შესახებ კანონოპროექტს მისი ოპონენტები უყენებენ, არის ის, რომ კანონპროექტი ბოლშევიკურია და იგი განკულაკებას შეუწყობს ხელს.

მიხეილ სააკაშვილი: ამასთან დაკავშირებით ძალიან კარგი პასუხი გასცა პროფესორმა ოთარ გამყრელიძემ, რომელიც ამ კანონპროექტის ერთ-ერთი შემმუშავებელია. მან თქვა, რომ რეპრესირებულია საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომლებიც მაღალი თანამდებობის პირების მიერ ყოველდღიურად იძარცვებიან. ჩვენ ვითხოვთ, რომ კორუმპირებული ჩინოვნიკების მიმართ გამოყენებულ იქნას კანონის ძალა და ამას ისინი რეპრესიებს უძახიან. ხალხმა მშვენივრად იცის, რომ საქმე ეხება 100-150 თანამდებობის პირის პირად კეთილდღეობას და არა მთლიანად მოსახლეობას.

კანონპროექტის თანახმად, თუ პიროვნება არ არის მაღალი თანამდებობის პირი – მინისტრი, მინისტრის მოადგილე, პოლიციის უფროსი და ა.შ. – სასამართლო მათ წინააღმდეგ სარჩელს არ განიხილავს.

ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა კიდევ ერთი არგუმენტი არის ის, რომ იგი მოსახლებაში დასმენებს გამოიწვევს. დასმენა არის ის, რომ ჩუმად მიიტან ენას ორგანოებში. სხვათა შორის დასმენა არის ქართული პოლიტიკის ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი. დღე და ღამე დააქვთ ენები პრეზიდენტთან, კანცელარიაში, პარლამენტში. მაგრამ როდესაც მოქალაქეს სარჩელი შეაქვს სასამართლოში, ეს ვერანაირად ვერ ჩაითვლება დასმენად. მე არ გამაჩნია იმის ილუზია, რომ ასეთი ადამიანი ბევრი გამოჩნდება, თუმცა იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც შეძლებენ თავის თავზე აიღონ ეს საქმე.

ამ კანონის მხარდამჭერი სტატია გამოჩნდა ევროპულ ჟურნალში “ფაინენშიალ ტაიმსში”, რომელსაც რა თქმა უნდა თავის ცხოვრებაში არც ერთი ბოლშევეკისათვის მხარი არ დაუჭერია, ლენინის დროსაც გამოდიოდა და ლენინისთვისაც კი არ დაუჭერია მხარი. უნდა ითქვას რომ ამ სტატიაში ნათლად იყო გამოხატული ჩვენდამი თანადგომა.

დაიწყო ნამდვილი ჯვაროსნული ლაშქრობა კორუფციის წინააღმდეგ. სხვათა შორის, საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე გადაცემაში, რომელსაც ჰქვია “რას ფიქრობს ხალხი”, მე  ხალხი საერთოდ ვერ დავინახე. მართალია ეს სახელმწიფო ტელევიზიაა, მაგრამ ვხედავდი ერთი და იგივე ღიპიან ადამიანებს, სახელმწიფო მოხელეებს. მეორეც ერთი, მაშინ როდესაც სახელმწიფო სამართლის ინსტიტუტის დირექტორს გია ხუბუას იწვევ, რომელიც კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა, და მას სიტყვას არ აძლევ და კანონპროექტზე ძირითადად სარატოვის პოლიციის სკოლაში ნასწავლი სულხან მოლაშვილი საუბრობს (მე სულხანს დიდ პატივს ვცემ), ეს ცოტა უხერხულია. ამას გარდა, იყო მცდელობა გადაცემისთვის პირდაპირი ეთერის შთაბეჭდილება შეექმნათ, მაშინ როდესაც აშკარად ჩანდა, რომ გივი თარგამაძისა (ანტიკორუფციული საბჭოს წევრი – “თავისუფლების ინსტიტუტი”) და პარლამენტარ ვანო მერაბიშვილის გამოსვლების დიდი ნაწილი ამოჭრილი იყო. თუ ამ მეთოდებით აპირებენ მოსახლეობის დაბრიყვებას არ გამოუვათ. იგივე ხდება ბევრ გაზეთშიც.

დ.შ.: ჩვენ სამართალდამცველებს მოჰყავთ მაგალითები იმისა, რომ სადღაც დააკავეს უაქციზო სიგარეტი და ა.შ. ანუ ეკონომიკური დანაშაულის მაგალითები. ამას ისინი ასაღებენ როგორც კორუფციასთან ბრძოლას. საერთოდ რამდენად ებრძვიან დღეს კორუფციას საქართველოში?

მ.ს.: პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ არც ეკონომიკურ დანაშაულს და არც კორუფციას საქართველოში არავინ ებრძვის. ლადო ჭარნტურიამ (უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე) კარგად თქვა, რომ მექრთამეობის სამი საქმეა განხილული სასამართლოებში და არც ერთი არ იყო 100, თუ 150 ლარზე მეტი. ჩვენთან არის შექმნილი გამოძალვითი სისტემა. მაგალითად ქალქთა კოლონიაში ქალების უმრავლესობა სასჯელს იხდის ნარკოტიკების გასაღების გამო. მაგრამ ისინი არიან ის ქალები ვინც ნარკოტიკებს ყიდიდნენ პოლიციასთან შეუთანხმებლად. ანუ როდესაც “სემიჩკასთან” ერთად იწყებს ნარკოტიკების გაყიდვას და ამასთან ბრიყვია და არ იცის, რომ ამისათვის პოლიციისაგან საჭიროა “ლიცენზიის” აღება, იმ ქალს მოკიდებენ ხელს და გაუყენებენ გზას კოლონიისაკენ. აი ამ ხალხს ვიჭერთ ჩვენ დღეს და ამ დროს საქართველოში ნარკოტიკები მოძრაობს თავისუფლად. მე ვიცი ვინც ამარაგებს პენიტენციალურ სისტემას ნარკოტიკებით მაგრამ ეს რომ დაამტკიცო ძალიან ძნელია და მერე, რომ დაამტკიცო მასალები ხომ უნდა გადასცე ვინმეს, მაგრამ ვისაც უნდა გადასცე ხშირ შემთხვევაში სწორედ ის არის დასაჭერი.

აი რას იძახიან, როდესაც ამ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან: პოლიცია და პროკურატურა ებრძოლოს კორუფციას თვითონო. მაშინ შემოიღონ დამოუკიდებელი პროკურორის ინტიტუტი, რომელიც არ იქნება გენერალურ პროკურორზე დაქვემდებარებული, რასაც ჩვენ ვთავაზობთ.

მე ბედნიერი ვიქნები თუ ეს ნავთობსადენებიც გადაეცემა ბიზნესმენებს, რატომ? იმიტომ რომ ბიზნესმანმა იცის ფულის ყადრი და ფულის ტრიალი. ის ხალხს ასაქმებს, ამ ფულს ანაწილებს და დაინტერესებულია კონკურენტუნარიან გარემოში. კორუმპირებულმა და მექრთამემ კი არ იცის ეს ფული რაში დახარჯოს და დებს უძრავ ქონებაში, დიდ სახლში. მერე კიდევ რომ აიღებს ახალ ქრთამებს ახლა არ იცის ამ ფულს რა უყოს და სახლის ყველა სართულზე აშენებს საუნას, მოოქროვილ პირსაბანს და ა.შ. ეს არის ფეოდალური მენტალიტეტის გამოვლინება და ასეტი მენტალიტეტის ადამიანი სახელმწიფოს ვერასოდეს ააშენებს.

დ.შ.: თქვენ არ მიგაჩნიათ, რომ პრეზიდენტი არ ფლობს რეალურ ინფორმაციას, როგორ ცხოვრობს ხალხი იმ ქვეყანაში, სადაც იგი უკვე პრეზიდენტია ამდენი ხნის განმავლობაში?

მ.ს.: მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს მართლაც არ მისდის ინფორმაცია, რადგან მის გარშემო არის ხალხი, რომლებმაც თავიანთი კარიერა სწორედ დეზინფორმაციის საშულებით შეიქმნეს. ძირითადად ეს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგემლები არიან. ამას გარდა, მთავრობის სხდომებზე, განსაკუთრებით კი ბოლო გაფართოებულ სხდომაზე, იჯდა იგივე ხალხი, რომლებიც ცეკას პლენუმებს ესწრებოდნენ. ეს ხალხი, ერთად აღებული, გაცილებით მდიდარია, ვიდრე მთელი საქართველოს მოსახლეობა. სწორედ ეს ხალხი იძახის, რომ მე ბოლშევიკი ვარ. საქართველოში არის ხალხი, რომელსაც შეუძლია საქართველო წარმატებულ სახელმწიფოდ აქციოს, მაგრამ სახელისუფლებო კლანები არ აძლევენ მათ გასაქანს. როდესაც მე მთავრობის სხდომაზე ბოლშევიკს მიძახდნენ, იუსტიციის სამინისტროში მოვიდა ევროპის საბჭოს წარმომადგენელი, რომელმაც დასავლეთ ევროპის 20 სახელმწიფოს პარლამენტის წევრთა კანონპროექტისადმი მხარდაჭერი წერილი გადმომაცა.

დ.შ.: კანონპროექტის ოპონენტები ამბობენ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია. მაგრამ ისინი კითხულობენ, როგორ უნდა მოხდეს უკანონო ქონების ჩამორთმევა, შემდეგ ამ ქონების რეალიზაცია და თანხის ბიუჯეტში შეტანა. ვის აქვს საშუალება საქართველოში იყიდოს ჩინოვნიკთა უზარმაზი სასახლეები? 

მ.ს.: ჯერ ერთი აქ მხოლოდ სასახლეებზე საუბარი არ არის.  აქ საუბარია სოციალური სამართლიანობის პრინციპზე. ის ეკონომიკის სექტორები, რომლებიც ჩინოვნიკებმა უკანონოდ, კაპიკებში მიითვისეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს. როდესაც ასეთი პრეცენდენტი შეიქმნება, ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე იქნება უფრო ფრთხილი, ესე იგი ბევრად უფრო მეტი დარჩება მოსახლეობას.

დ.შ.: როდესაც მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე პრეზიდენტმა თქვენ მოგიწოდათ ითანამშრომლოთ იმ მინისტრებთან, რომლებიც ანტიკორუფციული საბჭოს მოხსენების მიხედვით კორუმპირებულები არიან, ეს ჩემთვის გასაოცარი იყო.

მ.ს.: მთავარი, რამაც მე გამაკვირვა, იყო პრეზიდენტის განცხადება, რომ იგი არც ერთ მინისტრს არ გადააყენებს.

საქართველო ნელ-ნელა ხდება ნარკოტრანზიტის ერთ-ერთი მთავარი პურნქტი. სახელმწიფო, რომელსაც ყავს სუსტი სასაზღვრო ჯარები, რომელიც ვერ აკონტროლებს თავისი ტერიტორიის ნაწილს, ჰყავს პოლიცია, რომლის მოსყიდვაც ძალიან ადვილია, არსებობენ ადგილობრივი ლიდერები, რომლებსაც თავთავიანთი კლანები გააჩნიათ, და ამასთან თუ იქ არის სუსტი მთავრობაა, უდიდესია შანსი იმისა რომ ეს ქვეყანა გადაიქცეს ნარკოტრანზიტის იდიალურ  პუნქტად. მეშინია, რომ საქართველო აქეთკენ მიდის. ჩვენ კიდევ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ ამას.

ბევრი ოპოზიციონერი იძახის: აქამდე სად იყავით, რატომ ხმას არ იღებდითო. მე ამის თაობაზე საუბარი 1998 წელს დავიწყე, როდესად პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარე ვიყვი, თუმცა რაღაც არ მახსენდება, რომ ოპოზიციას მხარი დაეჭიროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. საქართველოში ოპოზიცია ისეთივე არაპოპულარულია, როგორც ხელისუფლება. ეს ნიშვნავს ხალხის გაუცხოებას პოლიტიკისგან, როდესაც მოსახლეობა ფიქრობს, რომ ყველა კორუმპირებულია და ყველა პოლიტიკოსი ერთნაირი ნაგავია. თუმცა არიან ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენა.

მე მქონდა საინტერესო შეხვედრები ზუგდიდში, ახალციხეში. სხვათა შორის, ახალციხეში გადაცმულმა პოლიციელებმა მოიტანეს ორი ყუთი ლაყე კვერცხი, მაგრამ ვერ ისროლეს ვერც ერთი. მერე კი, გაზეთ “ახალ თაობაში”, რომელსაც ასე თუ ისე აკონტროლებენ, დაწერეს, რომ სააკაშვილს კვერცხები დაუშინესო. კახეთში ჩუმ-ჩუმად დაიბარეს გამგებლები და უთხრეს: მოამზადეთ კვერცხები სააკაშვილი აპირებს ჩამოსვლასო. არ არსებობს საქართველოში ერთი ადამიანი, რომელიც დაიჯერებს, რომ დღეს კვერცხების სროლა ხელისუფლების გარდა უბრალო მოქალაქეს შეუძლია. რა კომენტარი უნდა გაუკეთო იმ ხელისუფლების საქციელს, რომელიც ამ მეთოდებით აპირებს თავისი “სიმართლის” დამტკიცებას. რამდენიმე გაზეთში დააწერინეს: სააკაშვილს ზუგდიდში არ შეუშვებენო, არადა ხალხი იქ ყვავილებით დაგვხვდა. რამდენიც არ უნდა შეულოცონ ტელევიზიიდან ხალხით თამაში და ხალხის გაბრიყვება ვეღარ ხერხდება. მოსახლებას, ამათი აღარ ეშინია.

დ.შ.: დიდი მადლობა.

მსგავსი/Related

Back to top button