ახალი ამბები

ლევან ბერძენიშვილი ქართული არასამთავრობო სექტორის პლიუსებსა და მინუსებზე საუბრობს

ხარისხი: ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

დაიბადა: 1953 წლის, 23 ოქტომბერს, ქალაქი ბათუმში.

განათლება: 1970 წელს ჩააბარა სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1972 წელს გადავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 1977 წელს დაამთავრა კლასიკური ფილოლოგიის კათედრა. ფლობს ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებს.

პროფესიული გამოცდილება: 1978-1996 წლებში მუშაობდა სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადახვა თანამდებობებზე. 1996 წელს შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრი”. ამ ცენტრს განხორციელებული აქვს 20 პროექტი. ამჟამად არის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. 1998 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის, ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. სხვადასხვა დროს იყო ფონდების “ღია საზოგადოება – საქართველო”, “ევრაზიისა” და “ჰორიზონტის” გამგეობის წევრი, ასევე ფონდ “ჰორიზონტის” გამგეობის პირველი თავმჯდომარე.

ჰობი: კომპიუტერი, ინტერნეტი და მოგზაურობა.

ს.ჯ.: ბატონო ლევან როგორ შეაფასებდით თანამედროვე ქართული არასამთავრობო სექტორის მუშაობას? მოდით ჯერ დადებით მომენტებზე შევცჩრდეთ

ლ.ბ.: დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების (ა.ო.-ების) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლიუსი მათი გაზრდილი საზოგადოებრივი როლია. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ის, რომ პარლამენტმა, დიდი შეხლა შმოხლის შედეგად, მაგრამ მაინც გადაწყვიტა საარჩევნო კომისია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით დააკომპლექტოს. ეს არის ა.ო.-ების როლის უზარმაზარი აღიარება. ის განცხადებები, რომლებიც პოლიტიკოსებმა ამ პროცესის დროს არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით გააკეთეს (კერძოდ კი სხვადასხვა დაუსაბუთებელი ბრალდებები), მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ეჭვიანობენ პოლიტიკოსები მესამე სექტორზე და სინამდვილეში ვის რა ძალა გააჩნია.

რეალურად საქართველოში არასამთავრობო სექტორი გაცილებით ძლიერია ვიდრე პოლიტიკური პარტიები (თუმცა არა სახელისუფლებო). ისინი სუსტები არიან არა მარტო ინსტიტუციონალურად, არამედ აღჭურვილობით, უცხოეთში კავშირებით, ელექტრონული შესაძლებლობებით, კომუნიკაციებით და ა.შ. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ლაპარაკიც კი უჭირთ, არადა ეს მათი მთავარი იარაღია. ისინი ასევე არ გამოცემენ წიგნებს და ძალიან იშვიათად მართავენ პრესკონფერენციებს.

მეორე დიდი მიღწევა არის ის, რომ არასამთავრობო სექტორის უდიდესი ნაწილი არ ეკუთვნის პოლიტიკურ ძალებს. თუმცა რამდენიმე ასეთი ორგანიზაცია მაინც მოგვეპოვება, მაგალითისათვის: ლევან მამალაძის 40 არასამთავრობო ორგანიზაცია ან ჯანდაცვის სამინისტროს არასამთავრობო იორგანიზაციები, რომლებიც ერთიან ალიანსებად არიან დაჯგუფებულნი. შედარებისათვის, ჩვენ მეზობელ სომხეთში მას მედია და არასამთავრობო სექტორი დაყოფილნი არიან პოლიტიკური ნიშნით. საქართველოშიც იყო ამის მცდელობები. იყო დრო, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვითი ორგანიზაციები იცავდნენ მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს და სიამოვნებითაც კი დაარღვევდნენ სხვების უფლებებს თუ ამის საჭიროება იქნებოდა. საბედნიეროდ ეს ტენდენცია დაძლეულ იქნა.

აქვე შეიძლება ითქვას, რომ მესამე სექტორის მნიშვნელობა ზოგრჯერ გაზვიადებულია. პოლიტიკურ წრეებს ხშირად გადამეტებულად აფასებენ არასამთავრობოების შესაძლებლობებს, რაც ხშირად თავად ამ სექტორის წარმომადგენლების შეცდომების მიზეზიც კი ხდება.

საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც არასმთავრობო ორგანიზაციის შექმნა ძალიან ადვილია. ეს არ არის ვინმეს მიერ ნაჩუქარი შესაძლებლობა. ამის მიღწვეა ჩვენი საკუთარი ძალებით მოხდა. შესაბამისი კანონები დამუშავებულ იქნა არასამთავრობო სექტორში მომუშავე ადამიანების მიერ. ამ კანონების დაწერისას მაშინდელი იუსტიციის მინისტრის ლადო ჭანტურიას პირადი მონდომებისა და მამაცობის გარდა ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” და სხვების მონაწილეობასაც.

ასევე დიდი მიღწევაა, რომ გამოიკვეთა რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა ავტორიტეტი და რეპუტაცია ეჭვს არ იწვევს, იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკურ პარტიებს არა ერთხელ უცდიათ გავლენა მოეხდინათ მათ საქმიანობაზე. ბოლო დროს განვითარებულმა პროცესებმა აშკარად გამოაჩინეს, რომ პოლიტიკოსებისთვის აუცილებელი ხდება არასამთავრობო სექტორის კარგი ცოდნა.

დღეისათვის რამოდენიმე კონკრეტული ორგანიზაცია გამოიკვეთა. პატრიარქი ორგანიზაციაა “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი”, რომელსაც გია ნოდია ხელმძღვანელობს, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “თავისუფლების ინსტიტუტი” – უაღრესად სერიოზული და მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც ანგაჟირებულია ძალიან ბევრ მოველნასა და პროცესში, არის “საქართველოს გაეროს ასოციაცია”, “ყოფილი პოლიტიკური პატიმრები ადამიანის უფლებეისათვის”, თეორიულ საკითხებში – “სამოქალაქო განვითარების ცენტრი” რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. ასევე უნდა აღინიშნოს “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი”, რომელსაც უამრავი გამოცემა აქვს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ნაყოფიერად თანამშრომლობენ იუსტიციის სამინისტროსთან, ობმუდსმენის ოფისთან. უაღრესად გაძნელებულია მუშაობა პოლიციასთან და საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მაგრამ მათთანაც კი არის განხორციელებული გარკვეული პროექტები რომლებსაც რეალური შედეგები ჰქონდათ.

დადებითი მომენტია არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვის სწრაფი ზრდა რეგიონებშიც. არის ორგანიზაციათა ქსელის შექმნისა და ლიდერების გამოკვეთის ტენდენცია.

ს.ჯ.: რა მთავარ უარყოფით მხარეებს ხედავთ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაში და რა არის ამ უარყოფითი მხარეების არსებობის მიზეზი?

ლ.ბ.: რაც შეეხება უარყოფით მხარეებს. როგორც ნებისმიერ სხვა ახლად წამოწყებულ საქმეში, აქაც ძალიან ბევრი უარყოფითი მომენტი არსებობს, მაგრამ არა მგონია რომ ეს დასამალი იყოს.

უპირველეს ყოვლისა, უარყოფითია ის, რომ ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება მხოლოდ პროექტისთვის, ხანდახან კი საერთოდაც არ ხორციელდება და უბრალოდ ვიღაცის მიერ ნაჩუქარი ფული იჭმევა. მარამ უფრო სერიოზული ნაკლია, როდესაც პროექტი ხორციელდება, მაგრამ მის განხორციელებას არავითარი აზრი, ან შედეგი არა აქვს.

ასევე დიდი ნაკლია ძალიან ბევრ ორგანიზაციაში ორმაგი ბუღალტერიის არსებობა. კეთდება რამოდენიმე ანგარიში ერთად. ერთი დონორისათვის, მეორე საგადასახადო ინსპექციისავის. ზოგიერთ ადგილას ხანდახან დირექტორი და ბუღალტერი შეკრულებიც კი არიან.

კიდევ ერთი ნაკლი არის ის, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაციის მუშაობა არ არის გამჭვირვალე. არ ქვეყნდება ინფორმაცია, ბიულეტენები. ხანდახან არიან “ნახევრადგასაიდუმლოებული ორგანზიაციები”, რომლებსაც მითითებული აქვთ მისამართი და ამ დროს ამ მისამართზე საერთოდ არ არიან. ეს კანონმდებლობასთანაც არის დაკავშირებული. კანონის თანახმად იურიდიული მისამართი მუდმივი უნდა იყოს, მაგრამ ოფისის მუდმივ მისამართზე ქონა რთულია. ამასთან ერთად დონორ ფონდებს არ უყვართ საოფისე ხარჯების ან ხელფასების დაფინანსება. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები სწავლობენ თუ როგორ მოახერხონ რომ ოფისიც ჰქონდეთ და ხელფასიც, თან ფონდებთანაც პირნათელნი იყვნენ. ეს ყველაფერი მიუთითებს არც თუ ისე ჯანსაღი ოსტატობის არსებობაზე.

ისიც უნდა ითქვას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთს ინფორმაციას უმალავენ. მაგალითად, ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ვთქვათ, ინგლისურ ფონდებთან, არ უხსნიან ამ დონორებს გზას სხვა ქართული არასამთავრობოებისაკენ. ხანდახან ფონდებთან ყალიბდება ე.წ. ფავორიტული ორგანიზაციები, ეს უმეტესად ის ორგანიზაციებია, რომლებსაც თავად ფონდები ასწავლიან მუშაობას და მათვე ანიჭებენ გრანტებს. ეს პრაქტიკა არ არის ცუდი, მაგრამ გარკვეულ კრიტიკას იმსახურებს სხვა დანარჩენი ორგანიზაციების მხრიდან.

ყველაზე მთავარი მინუსი კი არის ის, რომ მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების  დიდი რიცხვისა რეგიონებში, მათი ძალა სუსტია. რეგიონებში ეს ორგანიზაციები ხელისუფლების მხრიდან “წნეხის” ქვეშ იმყოფებიან. ამას გარდა ხშირია სემთხვევები, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება თავად აყალიბს არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ამ უარყოფითი მახასიათებლების არსებობის მიზეზი ის არის, რომ საქართველოში დღემდე ვერ მოხეხდა საერთო კონფერენციის ჩატარება, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციები გაიცნობდნენ ერთმანეთს.

მსგავსი/Related

Back to top button