ახალი ამბები

ყოფილმა პოლიციელმა მამა გაატაცებინა და მისი მოკვლა შეუკვეთა

“დილის გაზეთის” ცნობით, შვილმა მამის გატაცებისთვის და მოკვლისთვის კილერი დაიქირავა და მას საკუთარი მამის ფული გადაუხადა. გატაცებული და სავარაუდოდ უკვე მოკლული ყოფილი პოლიციელი როსტევან ბეჟანიშვილია. შვილი, ასევე ყოფილი პოლიციელი, 36 წლის პაატა ბეჟანიშვილია ადრე სხეულის დაზიანებისთვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის იყო ნასამართლევი. 

1 ივლისს სახლიდან გასული როსტევან ბეჟანიშვილი უკან არ დაბრუნებულა. გამტაცებლებმა მის ოჯახში დარეკეს და 100 ათასი დოლარი მოითხოვეს. ოჯახმა მათ 80 ათასი დოლარი გადასცა, თუმცა როსტევან ბეჟანიშვილი არ გაუთავისუფლებიათ. ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ სამართალდამცავებისთვის მიემართათ.

პაატა ბეჟანიშვილის მოწმის სახით დაკითხვისას გამოძიება მისი მონათხრობით დაინტერესდა და სამი თვით დააკავა როგორც ეჭვმიტანილი. გაზეთის ინფორმაციით, პაატა ბეჟანიშვილს მამასთან კონფლიქტი ბავშვობიდან ჰქონია, ბოლოს კი ოჯახის უფროსს ის სახლიდან გაუგდია. “უკაპიკოდ დარჩენილმა შეძლებული მამის შვილმა ფულის გამოძალვის მიზნით მამის გატაცება დაგეგმა და იმ პირებს დაუკავშირდა, ვინც დაეხმარებოდა. ის დამხმარეებს 10 ათას დოლარს შეჰპირდა, ხოლო თუ გატაცებულს მოკლავდნენ, თანხა 35 ათასამდე გაიზრდებოდა”.

მას შემდეგ, რაც პაატა ბეჟანიშვილმა გამტაცებლებს 80 ათასი დოლარი გადასცა, მას გამტაცებლები აღარ უნახავს და მისი წილი ფულიც არ მიუღია.

გამოძიებას ბოლომდე ჯერ არ დაუდგენია, როსტევან ბეჟანიშვილი მოკლულია თუ არა, ვინაიდან დაკავებულები ამის შესახებ არაფერს ამბობენ.     

“დილის გაზეთი”

მსგავსი/Related

Back to top button