ახალი ამბები

სააკაშვილი კვლავაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ ილაშქრებს

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის დაპირისპირების გარეშე, არც გასულ კვირას ჩაუვლია. 31 აგვისტოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინგან საქმეთა სამინისტრო იუსტიციის მინისტრის მიხეილ სააკაშვილის საქართველოს სხვადასხვა რაიონში ვიზიტისათვის ხელის შეშლას აპირებს. აღნიშნული ვიზიტისას მინისტრი მოსახლეობაში “უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების შესახებ” კანონპროექტის პოპულარიზაციას შეეცდება. აღნიშული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა თარგამაძემ, რა თქმა უნდა უარყო და განაცხადა, რომ მან არც კი იცოდა, საერთოდ თუ აპირებდა მიხეილ სააკაშვილი სადმე წასვლას.

იუსტიციის სამინისტროში მომზადებული კანონპროექტის პარლამენტში ჩავარდნის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მის სახალხო რეფერენდუმზე გატანას შეეცდება, ამიტომ იგი თადარიგს იჭერს და უკვე კანონპროექტის სარეკლამო კამპანიასაც იწყებს. 31 აგვისტოს მინსტრი წყნეთის მოსახლეობას შეხვდა, 1 სექტემბერს კი ახალციხეში გაემგზავრა, რის შემდეგაც სამეგრელოს ესტუმრა.

როგორც ცნობილია, ამ კანონპროექტმა, აღმასრულებელი ხელისუფლების არარეფორმატორული ნაწილის, ანუ შეიძლება ითქვას ხელისუფლების უმრავლესობის აღშფოთება გამოიწვია. განსაკუთრებით კი კანონპროექტს შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი ვანო ჩხარტიშვილი ეწინააღმდეგებიან.

სხვათა შორის, გასულ კვირას მუშაობას შეუდგა პრეზიდენტ შევარდნაძის ბრძანებულებით შექმნილი კომისია, რომლის მიზანია “დაუსაბუთებელი და უკანონო ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების შესახებ” კანონპროექტის დახვეწა და მასში არსებული ხარვეზების გამოსწორება. სპეციალური კომოსიის პირველი სხდომა, იუსტიციის მინისტრის თავჯდომარეობით, 27 აგვისტოს ჩატარდა.  

როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, კანონპროექტმა გარკვეული ცვლილებები განიცადა. კერძოდ კი, ყველა მოქალაქეს მიეცემა უფლება ჩინოვნიკის უკანონო ქონებასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანოს სასამართლოში. ამას გარდა, თანამდებობის პირისათვის ჩამორთმეული ქონების თანხა, დაზარალებულ მეანაბრეთა ანგარიშზე ჩაირიცხება.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივის პარლამენს განსახილველად, სავარაუდოდ ოქტომბერში წარუდგენს. სხვათა შორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონპროექტთან ერთად ნაფიც მსაჯულთა ინიციატივის წარდგენასაც აპირებს, რათა ორივე კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სახელმწიფო მოხელეებმა ნაფიცი მსაჯულებისადმი შეძლონ თავიანთი ქონების კანონიერების დასაბუთება.

* * *

29 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის სამინისტრომ, სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტის, ავჭალის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან, მასიური გაქცევის მცდელობა აღკვეთა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრებს 13 მეტრიანი გვირაბი ჰქონდათ გათხრილი და კოლონიის კედლის გარეთა მხარის მისაღწევად რამოდენიმე საათის სამუშაოღა ჰქონდათ დარჩენილი.

გაქცევის მზადების შესახებ 28 აგვისტოს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროს სწრაფის რეაგირების რაზმის მობილიზაცია მოხდა, რომელმაც გვირაბი 8 საათის შემდეგ აღმოაჩინა. როგორც სამინისტროში აცხადებენ გვირაბი საკმაოდ კარგად ყოფილა შენიღბული, ამიტომ მის აღმოჩენას დიდი დრო დასჭირდა.

მომხდართან დაკავშირებით პროკურატურა მოკვლევას აწარმოებს. ეჭვმიტანილები კი კოლონიის საპყრობილეში გადაიყვანეს.


შინაგან საქმეთა სამინისტრო

გასული კვარას შინაგან საქმეთა მინისტრს კახა თარგამაძეს, კიდევ ერთხელ მოუხდა ქართველი ფეხბურთელის კახა კალაძის ძმის განთავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა. ამჯერად ამგვარი ინფორმაცია იტალიურმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს. სხვათა შორის, ეს ინფორმაცია თავად კახა კალაძემაც არ დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ ლევან კალაძის განთავისუფლების შესახებ გავრცელებული ეს პირველი ინფორმაცია არ არის. ამგვარი ცნობა ქართულ საინფორმაციო საშუალებებთან ერთად უცხოურებმაც რამდენჯერმა უკვე გაავრცელეს, თუმცა შინაგან საქამეთა სამინისტრომ ყველა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

აღნიშნულმა გარკვეული ეჭვები გამოიწვია და მას-მედიში გაჩნდა მოსაზრებები, რომ თითქოს სამართალ დამცველები, კალაძეების ოჯახთან ერთად გამტაცებლებთან გარიგებაზე წავიდნენ და ლევან კალაძის განთავისუფლებისთვის გამოსასყიდი გადაიხადეს (გამტაცებლები, ბოლო მონაცემებით, მძევლის გამიშვებისთვის 300 ათას დოლარს ითხოვდნენ) და ამ ფაქტს ოჯახიც და სამართალდამცველებიც მალავენ. მუსირებს მეორე მოსაზრებაც იმის თაობაზე, რომ თითქოს ლევან კალაძის გატაცებაში თავათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან ჩარეულნი. სხვათა შორის ადამიანთა გატაცებებში სამართალდამცველების მონაწილეობის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარეს ელენე თევდორაძეს (“მოქალაქეთა კავშირი” – მმართველი პარტია) არაერთხელ განუცხადებია.

* * *

26 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდნეტმა ედუარდ შევარდნაძემ ძალოვან უწყებებთან აფხაზეთის საზღვენის მიმდებარე რაონებაში შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროებს კონფლიქტის განახლების თავიდან აცილებისთვის. როგორც ცნობილია,  24 აგვისტოს რუსეთისა და აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის მოსაზღვრე რაიონებში, ქართველ და ჩეჩენ მეომართა კონცენტრაცია შეინიშნებოდა, რომლებიც აფხაზეთში შეჭრას გეგმავდნენ.

სხვათა შორის, გასულ კვირას, შინაგან საქმეთა მინისტრის კახა თარგამაძის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ იმის თაობაზე, რომ თუ არ შეწყდა აფხაზი სეპარატისტების მხრიდან პროვოკაციები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთში ძალას გამოიყენებს, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თუმცა, პრეზიდენტმა შევარდნაძემ თარგამაძის აღნიშნული განცხადება სრულიად გასაგებად მიიჩნია,  რადგან მისი თქმით, “აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მოთმინების ფიალა აივოს. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებს”.


საგარეო საქმეთა სამინისტრო

გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთისადმი მორიგი საპროტესტო ნიტის გადაცემა მოუხდა. ამის მიზეზი, ამჯერად აჭარაში განთავსებული რუსეთის ამიერკავკასიის საჯარისო დაჯგუფების მიერ თვითნებური მანევრის განხორციელება გახდა. როგორც ცნობილია, რუსმა სამხედროებმა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, სამხედრო სწავლებებისათვის გონიოს პოლიგონი გამოიყენეს.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ოფიციალური ნოტა გადასცა. საპროტესტო ნოტაში ნათქვამია, რომ უცხო ქვეყნის სამხედრო შენაერთის უკანონო გადააგილება სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოვლად მიუღებელია. აღნიშნული ქმედებები უნდა იყოს შეთანხმებული ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან რაც რუსეთის ფედერაციას არ გაუკეთებია.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყება რუსეთისგან, რაც შეიძლებბა მოკლე ვადაში, ახსანა-განმარტებას მოითხოვს. (ამ ტემასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ თავდაცვის სამინისტრო)

* * *

გასული კვირა, ა.შ.შ.-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა საქართველოში ხშირი ვიზიტებით აღინიშნა. 29 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა ა.შ.შ.-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა საკითხებში ბილ ტეილორი მიიღო.

შეხვედრისას საუბარი ორ სახელმწიფოს შორის თავდაცვის სფეროში განხორციელებულ პროექტებს, განსაკუთრებით კი ა.შ.შ.-ის მიერ საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტისათვია გაწეულ დახმარებას და უშიშროების საკითხებს შეეხო. ბილ ტეილორმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს დღევანდელი კურსის მიმართ და განაცხადა, რომ რეგიონის მზარდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებას ა.შ.შ. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

27 აგვისტოს კი საქართველოში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ა.შ.შ.-ის სახემწიფო მდივნის მოადგილე ევროპის საკითხებში ელიზაბეთ ჯონსი და სახელმწიფო ადმინისტრაციის ევროპის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საკითხებში დონ ლუ ჩამოვიდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას სტუმრებმა ყურადღება აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის ენერგოდერეფნისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის მშენებლობის საკითხზე გაამახვილეს.

ენერგოდერეფნის ამოქმედების საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია 30 აგვისტოს, აზერბაჯაის ნავთობკორსოციუმის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადება, რომ მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორის “აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის” საბადოზე ძირითადი ნავთობის მოპოვების შესახებ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას დიდი მნიშვენობა აქვს საქართველოსთვის, რადგან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა სწორედ ამ ძირითადი ნავთობის ტრანსპორტირებისათბვის არის დაგეგმილი. ამიტომ, ოფიცილური თბილისი მიიჩნევს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ამოქმედება უკვე რეალობად იქცა.


თავდაცვის სამინისტრო

ა.შ.შ. საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარებას განაგრძობს. გასულ კვირას, ცნობილი გახდა, რომ ა.შ.შ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ვერტმფრენთა “მნიშვნელოვან რაოდენობას” გადმოსცემს. ამის შესახებ 30 აგვისტოს, საქართველოში ვიზიტად მყოფმა ა.შ.შ.-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა საკითხებში ბილ ტეილორმა განაცხადა. მან არ დააკონკრეტა თუ რა რაოდენობას გულისხმობდა “მნიშვნელოვანში”.

ა.შ.შ.-ის მსგავსად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტენსიურ დახმარებას თურქეთიც განაგრძობს. 20-25 აგვისტოს საქართველოში თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია იმყოფებოდა. თურქმა ექსპერტებმა ვაზიანის სამხედრო ბაზის სარეაბილიტაციოდ საჭირო სავარაუდო თანხა დაადგინეს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ, ივნისის ბოლოს ვაზიანის სამხედრო ბაზის ლიკვიდაციის შემდეგ თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის ბაზის რეაბილიტაციისთვის ერთი მილიონი დოლარი დახარჯოს. შეგახსენებთ, რომ თურქეთს საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარებისათვის, გრანტის სახით, უკვე 15 მილიონ დოლარამდე აქვს გამოყოფილი.

* * *

30 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავით თევზაძე რუსეთში, ასტრახანის ოლქში გამართულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ჰაერსაწინააღმდეგო ძალების კოალიციის ტაქტიკური სწავლების “საბრძოლო თანამეგობრობა – 2001”-ის ძირითად ეტაპს დაესწრო.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთში ვიზიტის დროს, დავით თევზაძე რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი ივანოვს შეხვდა, რომელთანაც ძირითადად აჭარაში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო შენაერთის თვითნებურად გადაადგილების შესახებ ისაუბრა. ივანოვის განცხადებით მას მომხდარის შესახებ წინასწარ არანაირი ინფორმაცია არ ჰქინია და თავის ქართველ კოლეგას სიტუაციაში გარკვევაში დაპირდა. აჭარაში მყოფი რუსი სამხედროების მოქმედება კი სერგეი ივანოვმა უარყოფითად შეაფასა. 

მსგავსი/Related

Back to top button