ახალი ამბები

პარლამენტის საგანგებო სესიის მიმოხილვა. 01-02 აგვისტო. 2001

1-2 აგვისტო, ოთხშაბათი-ხუთშაბათი

1. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის სამსახურის უფროსმა ბადრი ხატიძემ.

დახურულ კარს მიღმა უმრავლესობა-ოპოზიციის კონსულტაციების შედეგად ოპოზიციის კომპრომისი იყო ის, რომ გამგებელს კვლავაც დანიშნავდა პრეზიდენტი, ხოლო უმრავლესობის მხრიდან კომპრომისი უკავშირდებოდა რაიონული საკრებულოების პროპორციული წესით არჩევას.

მიუხედავათ შეთანხმებისა ოპოზიცია არ დაესწრო სხდომას იმ მოტივით, რომ მათ სურდათ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მიეღწიათ თანხმობისათვის და შემდეგ ეყარათ კენჭი ორივე კანონისთვის ერთად. ამ მოთხოვნას უმრავლესობამ უარით უპასუხა.

ოპოზიციის ამგვარი გაღიზიანება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით გამოიწვია არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთი ჯგუფის ალტერნატიულმა ვარიანტმა, რომელიც ეხებოდა სამსუბიექტიანი საპარლამენტო ფილტრი კომისიის გაუქმებას, რითაც ფაქტიურად ოპოზიციას ერთმეოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის კანდიდატურისათვის ვეტოს დადების უფლება.

დედაქალაქის თვითმმართველობის საკითხებს დაარეგულირებს სპეციალური კანონი თბილისის შესახებ, რომლის განხილვასაც პარლამენტი საშემოდგომო სესიების განახლებისთანავე მიუბრუნდება.

ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმება დაირღვა და უმრავლესობამ მოითხოვა პრეზიდენტის ინიცირებული კანონპროექტის განხილვა მცირეოდენი შესწორებებით (მერების არჩევა დიდ ქალაქებში გარდა თბილისისსა). უმრავლესობა არც მერების და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევაზე იქნებოდა წინააღმდეგი, რომ არა ბადრი ხატიძის დაჟინებული მოთხოვნა, რომ სამოქმედო გეგმა შეეთანხმებინათ პრეზიდენტთან.

Aაღსანიშნავია, რომ დეპუტატთა შვიდკაციან ჯგუფს (კ.დავითაშვილი, ვ. მაღლაფერიძე, კ.კემულარია, ზ.ადეიშვილი, ე.თევდორაძე, ვ. ჭიპაშვილი, ვ.მერაბიშვილი)  წარმოდგენილი ჰქონდა ორი ალტერნატივა, რომელთაგან პირველი ითვალისწინებდა მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევის წესს და მისი ჩავარდნის შემთხვევაში მეორე ალტერნატივა, რომელიც გულისხმობდა საკრებულოდან გამგებლის არჩევას.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ პირველი მოსმენით კენჭისყრამდე ჩატარებულიყო სარეიტინგო კენჭისყრა, რითაც ცხადი გახდებოდა, თუ რომელი კანონპროექტი მოიპოვებდა მხარდაჭერას.

  • დეპუტატთა ჯგუფის ინიცირებული I ალტერნატივა

          მომხრე – 19
          მოწინააღმდეგე – 65

  • დეპუტატთა ჯგუფის ინიცირებული II ალტერნატივა

          მომხრე – 21
          მოწინააღმდეგე – 74

  • პრეზიდენტის ინიცირებული ვარიანტი

          მომხრე – 120
          მოწინააღმდეგე -5

  • ოპოზიციასთან შეთანხმებული ვარიანტი

          მომხრე – 8
          მოწინააღმდეგე – 97

შედეგების მიხედვით გადაწყდა, რომ კენჭისყრაზე დაესვათ მხოლოდ პრეზიდენტის ინიცირებული კანონპროექტი, სადაც პირველი დონის თვითმმართველობა (სოფელი, დაბა, თემი, ქალაქი) ირჩევა მაჟორიტარული წესით, 5000 მოსახლეზე ნაკლებ დასახლებულ პუნქტში გამგებელი ირჩევა პირდაპირი გზით, პრეზიდენტი ნიშნავს გამგებელს ასოცირებული საკრებულოს შემადგენლობიდან და დიდი ქალაქების მერების არჩევა ხდება პირდაპირი გზით.

კენჭი ეყარა დაჩქარებული წესით, სამივე მოსმენით.

მომხრე – 127
მოწინააღმდეგე – 1  /I მოსმენა/

მეორე მოსმენისას გია ბარამიძემ მოითხოვა, რომ არჩევითობის ხარისხის გაზრდის მიზნით ტექსტში დაფიქსირებულიყო გამგებლის კანდიდატურაზე პრეზიდენტისა და საკრებულოს შეთანხმების აუცილებლობა. ბადრი ხატიძემ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხი პირველი მოსმენის ობიექტი იყო და კატეგორიული წინააღმგეგი წავიდა გ.ბარამიძის იდეის.
 
მომხრე – 124
მოწინააღმდეგე – 1  [II მოსმენა]

მომხრე – 124
მოწინააღმდეგე – 1  [III მოსმენა]


2. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”

კანონპროექტი წარადგინა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის თავჯდომარემ გიგი წერეთელმა.

კანონპროექტის მიხედვით ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით მოხდება. შეირჩევა მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა წესდებაშიც ჩადებულია სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ან არჩევნების მონიტორინგის პუნქტები. პარლამენტის 7% გადალახული პარტიებისა და ბლოკისგან შემდგარი კომისია შეარჩევს შვიდ და არანაკლებ სამ არასამთავრობო ორგანიზაციას. კანდიდატიდან შეირჩევა შვიდი ცსკ-ას წევრი, რომელსაც პარლამენტი ხმების 2/3-ით დაამტკიცებს.

უმრავლესობის წევრებმა დააფიქსირეს, რომ თუკი ოპოზიცია ბოიკოტირებას განაგრძობდა შემოდგომისთვისაც, მაშინ უმრავლესობა იძულებული გახდება ფილტრი კომისიის და ხმების 2/3-ით დამტკიცების პროცედურა ახალი მექნიზმით შეცვალოს.

საოლქო კომისიის სამ წევრს დანიშნავს ცსკ-ო, სამი წევრი წარმოადგენს 7% გადალახულ საპარლამენტო პარტიებს და ბლოკს, ერთ წევრს დანიშნავს რაიონული საკრებულო.

პროექტის მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისსის შემადგენლობაც 7 წევრით განისაზღვრებოდა, მაგრამ დეპუტატების მოთხოვნით იგი 11 წევრით შეიცვალა, რომელთაგანაც ექვსს დანიშნავს საოლქო საარჩევნო კომისია და ხუთს წინა არჩევნებში ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე პარტია ან ბლოკი.

საარჩევნო დეპოზიტის მუხლის განხილვა საშემოდგომო სესიისთვის გადაიდო, რამდენადაც მის მიღებას წინ აუცილებლად უნდა უძღვოდეს კონსტიტუციაში შესაბამისი შესწორების შეტანა.

ასევე შემოდგომისთვის გადადეს საკითხი, რომელიც საარჩევნო პროცესში იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაწილეობის საკითხს განსაზღვრავს.

კოდექსში გათვალისწინებული იქნა არასამთავრობო ორგანიზაციის “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” 73 მუხლის ალტერნატივა, რომელიც დამკვირვებელთა რეგისტრაციის წესსა და მათ უფლებებს განსაზღვრავს.

კობა დავითაშვილმა დასვა ალტერნატივა საოლქო საარჩევნო კომისიიდან საკრებულოს დანიშნული ერთი წევრის გამოკლების თაობაზე, მაგრამ ეს ალტერნატივა ჩრდილში მოექცა მას შემდეგ რაც ოპოზიციის წარმომადგენლები (სოციალისტები და აღორძინება) დემონსტრაციულად დაბრუნდნენ დარბაზში და განაცხადეს, რომ უმრავლესობა კენჭისყრის გაყალბებით იღებდა ქვეყნისთვის სასიცოცხლო გადწყვეტილებებს. ვახტანგ რჩეულიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია გაასაჩივრებს და მოითხოვს  გაყალბების გზით მიღებული კანონების ანულირებას.

საბოლოოდ საარჩევნო კოდექსი დაჩქარებული წესით იქნა მიღებული.

მომხრე – 126
მოწინააღმდეგე – 0  [I მოსმენა]

მომხრე – 127
მოწინააღმდეგე – 0  [II მოსმენა]

მომხრე – 126
მოწინააღმდეგე – 0  [III მოსმენა]

დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების (კანონპროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” /ენერგოკომპანიების დაბეგვრის რეჟიმის თაობაზე/; კანონპროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”; კანონპროექტი “პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”; “განვითარების საკრედიტო ხელშეკრულება (ელექტროენერგეტიკული ბაზრის მხარდამჭერი პროექტი) საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის”) განხილვამ სექტემბრისთვის გადაიწია.

პარლამენტის საგანგებო სესია დახურულად გამოცხადდა

მსგავსი/Related

Back to top button